ფინალისტების მთავარი გზავნილი საზოგადოებას – რას შეცვლის ეროვნული ჯილდო მათ პროფესიულ საქმიანობაში

723

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტების ვინაობა 5 სექტემბერს გახდა ცნობილი – საუკეთესო ათეულიდან საუკეთესო ხუთეული დასახელდა, თუმცა, კონკურსანტების შერჩვა, როგორც „კოალიცია – განათლება ყველასათვის“ დირექტორი გიორგი ჭანტურია აცხადებს, ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან წლევანდელ კონკურსს, ტრადიციულად, გამორჩეული ათეული ჰყავდა: „ძალიან ძლიერი ათეულია თავისი ისტორიებითა და მაღალი პროფესიონალიზმით. ეს მასწავლებლები მხოლოდ კლასში ჩატარებული გაკვეთილებით კი არ იქცევენ ჩვენს ყურადღებას, არამედ კლასგარეთ განხორციელებული საზოგადოებრივი აქტივობებითაც. თითეულის უკან ძალიან საინტერესო ისტორია დგას.“ ასეთი მასწავლებლების საზოგადოების წინაშე წარმოჩენა კი მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა, „მცირე ასაკის“  მქონე ეროვნულმა ჯილდომ კი საკმაოდ მდიდარი ისტორიაც შექმნა და საზოგადოებას, მით უფრო განათლების სფეროს, უკვე 30 საუკეთესო მასწავლებელი წარუდგინა. მათი საქმიანობის დეტალებს დღემდე ისე აცნობს დაინტერესებულ ადამიანებს, რომ კონკურსისადმი ინტერესი მხოლოდ  გამოცხადებიდან გამოცხადებამდე კი არ შემოიფარგლება, არამედ უწყვეტ რეჟიმში დღითი-დღე იზრდება და ძალას იკრებს. რაც მთავრაია, ჯილდოს მთავარი მიზანი –  მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პოპულარიზება –  ჯილდოს მონაწილე რჩეული მასწავლებლების აქტივობებითა და ჩართულობით უფრო და უფრო მკაფიოდ მიღწევადი ხდება. „ათეულთა კლუბის“ საქმიანობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. „საზოგადოების მხრიდან ჯილდოსადმი ინტერესი და მხარდაჭერა სულ უფრო მზარდია და წელს საზოგადოების ჩართულობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია “ – ამბობს გიორგი ჭანტურია და მას რამდენიმე ფაქტორით ხსნის: „ვფიქრობ, საზოგადოების ინტერესის ზრდას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შუწყო. პირველი ის გამოცდილებაა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მივიღეთ. კამპანიის შესახებ საზოგადოებამ ამ ხნის განმავლობაში ინფორმაცია კარგად მიიღო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ათეულის წევრები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები კამპანიაში და ისინიც დაგვეხმარნენ; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ წელს საზოგადოებას ნომინირების საშუალება მიეცა – შეეძლოთ წარედგინათ მასწავლებელი; ამ ყველაფერს ახლა კიდევ ერთი ფაქტორიც დაემატა – ფინალისტების გამოცხადების დღიდან,  გამოვედით ინიციატივით, რომ წამოვიწყოთ ახალი კამპანია „გახდი ჯილდოს მხარდამჭერი“. რადგან მუდმივად აქცენტს იმაზე ვაკეთებთ, რომ ჯილდო საზოგადოებრივია, ჩვენი სურვილია, ამ წამოწყებით ის რეალურად საზოგადოებრივი გავხადოთ და სწორედ საზოგადოების მხრიდან შემოწირული თანხით შევავასოთ საპრიზო ფონდი. ამდენად, ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს ჯილდოს არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფინანსურადაც და საპრიზო ფონდში ჩარიცხოს მისთვის სასურველი თანხა. ამით კი წვლილს შეიტანს მასწავლებლის პროფესიის განვითარებაში (ამის შესაძლებლობა აქვს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს).“

2019 წლის ეროვნული ჯილდოს რჩეული 5 ოქტომბერს დასახელდება და როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან წელს იქნება ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული დაჯილდოების ცერემონია. ქართულ ფინალს გლობალური ჯილდოს ფინალისტებიც შემოუერთდებიან. მანამ კი ჯილდოს წარმომადგენლობა და ჟიურის წევრები შერჩეულ ფინალისტებს, კონკურსის ბოლო ეტაპზე, ადგილზე მიაკითხავენ, შეხვდებიან მათ კოლგებს, მშობლებს, დირექციას, მოსწავლეებს, თემის წარმომადგენლებს და „ადგილზე ვიზიტისას“ შეგროვილ ინფორმაციას უკვე არსებულთან შეაჯერებენ, რათა 5 ოქტომბერს ღირსეული ხუთეულისგან  ერთი მასწავლებელი გამოარჩიონ.

ფინალამდე თითქმის თვეა დარჩენილი, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზებთ  ინტერვიუებს ფინალისტებთან, სადაც ისინი ფინალში გასვლის ემოციასთან ერთად, იმ გეგმებზეც მოგვიყვებიან, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ. ხუთეულის წევრები, ასევე, ისაუბრებენ იმაზეც, თუ რას შეცვლის მათ პროფესიულ საქმიანობაში ეროვნული ჯილდო და რა არის მათი მთავარი გზავნილი საზოგადოებისათვის.

 

გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი

როდესაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში გასვლისას აღძრულ გრძნობებს ვუფიქრდები, მახსენდება ზუგდიდელი მასწავლებლის გუშინდელი სატელეფონო ზარი. მოლოცვისა და დალოცვის შემდეგ  თავისთვის რომ ჩაილაპარაკა: „მანგარადამიან”… შესაბამისად, რაც არ უნდა სასიამოვნო გრძნობა იყოს ასეთი მასშტაბური აღიარება, (და აღიარება სასიამოვნო გრძნობათა გვირგვინია.) პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე ჩემი კამპანიის ლაიტმოტივი, საზრისი, დევიზი და სლოგანი გამოხატულია წინადადებაში: ჩვენი თავისუფალი განვითარება ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს ტრადიციაშია.

ჩემი ფინალისტობით მინდა, პოპულარიზება გავუწიო სწორედ ამ შეგონებას. შესაბამისად, ცოტა ვრცლად ვისაუბრებ აქ წარმოდგენილ ცნებებზე.

თავისუფალიგანვითარებაუნდა იყოს ის მდგომარეობა, რისთვისაც ისევე გაუნელებლად უნდა ვისწრაფოდეთ, როგორც ჰაერისთვის. სწორედ თავისუფლება არის ჩვენი განათლების, ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულება, ოღონდ თავისუფლება არა უძრავი, არამედ განვითარებადი.

ერთიანობაუნდა იყოს ჩვენი საზოგადოების სასიცოცხლო მოთხოვნილება. ერთიანობა არა ერთგვართა, არამედ განსხვავებულთა. ჩვენ ზრუნვით უნდა ვიყოთ განსმჭვალულნი ჩვენგან ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული თანამოქალაქეების მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ღირებულება, რადგან წლების განმავლობაში ეთნიკურ სომხებთან და ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან ვმუშაობ და მიხარია, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს მსოფლიოში სამაგალითო მულტიეთნიკური საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მიმაჩნია, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია. სწორედ ასეთი – თავისუფალი და უთვალავფეროვანი საზოგადოება უხსნის კარს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ერთიანი საქართველოსკენ.

ტრადიციაუნდა იყოს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის დაფასებისა და აღიარების მთავარი ობიექტი, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ დღევანდელობაში. ჩვენ გვაქვს ისეთი ძვირფასი საგანმანათლებლო მემკვიდრეობა, როგორიც საამაყო იყო არა მხოლოდ მაშინდელი ცივილიზებული მსოფლიოსთვის, არამედ დღევანდელი გადასახედიდანაც აღმაფრთოვანებელია. არ გავაგრძელებ ამ მიმართულებით საუბარს გარდა ერთის აღნიშვნისა: მე ჩემს ფინალისტობას გამოვიყენებ იმისთვისაც, რომ ხელი შევუწყო იაკობგოგებაშვილის საგანმანათლებლო პრინციპებისა და იდეების, მისი მემკვიდრეობის პოპულარიზებას.

სწორედ ამ მიზნით ამ ბოლო დროს ჩემს მასწავლებელთან და მეგობართან, პაატა პაპავასთან ერთად წამოვიწყეთ აქცია „ონლაინ დედაენის” შექმნის მიზნით, რაშიც უკვე მრავალი ჩვენი კოლეგა ჩაერთო.

…გუშინ, როდესაც ჩემი სახელი დაასახელა ბატონმა გიგა ზედანიამ, მე გამახსენდა ჩემი პირველი გაკვეთილი (სხვათაშორის, მუსიკის) ითხვისის რვაწლიანი სკოლის მეხუთეკლასელ გოგონებთან, რომლებმაც ჩემი აბსოლუტური პედაგოგიური არაპროფესიონალუზმი თავიანთი ფანდურებითა და წკრიალა ხმებით გადაფარეს. გამახსენდა ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯები შუქრუთის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად ფორმირება ჩემი უფროსი კოლეგების ხელშეწყობით, მაშინდელი სკოლის დირექტორის, ნანული ნოზაძის პროფესიული მხარდაჭერითა და გვერდშიდგომით. გამახსენდართული, მაგრამ საინტერესო გზა ჭიათურის ახალგაზრდულცენტრ „ჯეჯილში”. გამახსენდა ჩემი პირველი ნაბიჯები ეროვნული მასშტაბის ტრენინგებზე და პირველი ტრენერის სერტიფიკატი.

განსაკუთრებული ასპარეზი და გამოცდილება შემძინა აიაზმის სკოლამ, სადაც პირველად გავეცანი არაქართულენოვანისკოლების მდგომარეობას და იმდენად დამაინტერესა ამ სფერომ და იმდენად მნიშვნელოვნად მივიჩნიე, რომ დღემდე აქ ვაგრძელებ მუშაობას.

შემდეგ იყო ადმინისტრაციული თანამდებობა წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, სადაც პირველი ნაბიჯები იდგმებოდა ქართული კურიკულუმების დანერგვისა და ქართული სახელმძღვანელოების შექმნის მიმართულებით. ამ მიმართულებითაც ვცდილობდი ჩემიწვლილის შეტანას მაშინდელ კოლეგებთან და ხელმძღვანელთან, არსენ ჯმუხაძესთან ერთად.

…შემდეგ ისევ სკოლა. ისევ სომხურენოვანი, ამჯერად ჩივთქილისაში. შემდეგ მარნეულის სოფელი შაუმიანის მესამე საჯარო სკოლა. რამდენიმე წლის წინ კი ჩემმა მეგობარმა და ძველმა კოლეგამ მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში შემომთავაზა გადასვლა. ეს ჩემთვის დიდი დაფასება და გამოწვევაც იყო და სიამოვნებით, მაგრამ ერთგვარი სიფრთხილით დავთანმხდი. აქ კიდევ ერთი ახალი ასპარეზიგ ადაიშალა და უკვე ეთნიკურ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან გავაგრძელე მუშაობა. რაც მთავარი და ძვირფასია ჩემთვის, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების სახით, დავუახლოვდი ამ თემის წარმომადგენლებს. მიხარია, რომ არაქართულენოვანი განათლების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტის მონაწილე ვარ და ჩემი წარმატება მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე ამ პროექტის მენეჯმენტისა და მასში ჩართული ჩემი კოლეგების წარმოჩენაცაა.

…რაცმთავარია, ჩემს სასკოლო მოგონებებს ყოველთვის თან ახლავს დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ და მოსწავლეთა მხრიდან. თავის დროზე ჩემთვის სიურპრიზი იყო იმის გაცნობიერება, რომ პროფესიულ საქმიანობას სიამოვნება მოჰქონდა ჩემთვის და ამ სიამოვნების მთავარი მკვებავი სიყვარული იყო.

(ამიტომაც სრულიად მიუტევებლად მიმაჩნია მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად დამატებითი ბარიერების დაწესება უმაღლესი განათლების მქონე ნიჭიერი ეკონომისტებისა თუ ინჟინრებისთვის. მასწავლებლებს ისეთი ბარიერის გადალახვა უწევთ სანამ „მოსწავლის ლიცენზიას” მიიღებენ, რომ სხვაგვარი ბარიერები სრულ ზედმეტობად გამოიყურება.)

ჩემი ერთ-ერთი მთავარი გამოცდილება უკავშირდება, საქართველოს მასშტაბით, ათეულობით ტრენინგის ჩატარებასა და კონსულტირებას. ძირითადად, ეს უკავშირდება მასწავლებელთა საზოგადოებას. ამ მიმართულებით ჩართული ვიყავი ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ და „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“. ჩემი კოლეგებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე იმ გამოცდილების გაზიარება, რასაც მე გავდივარ ჩემს კარიერულ გზაზე (სხვათაშორის, ამჟამად წარდგენილი ვარ მენტორის სტატუსზე და, იმედია, არცთუ ტყუილად…). მიხარია ის, რომ ამ ეტაპზე ვმონაწილეობ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში კურიკულუმის ექპსერტის პოზიციაზე.

P.S. 1992-97 წლებში ვსწავლობდი თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე, 1993-96 წლებში კი – ამავე უნივერისტეტის მეორად (სამართლამცოდნეობა) ფაკულტეტზე; 2013-15 წლებში დავასრულე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა განათლების ადმინისტრირების სპეციალობით (სწორდე ეს აღნიშნა ჩემი წარდგენისას გიგა ზედანიამ.). მიუხედავად იმისა, რომ 1993-96 წლებში გავიარე თსუ-ის სამხედრო კათედრის თეორიული კურსი და 1996 წელს პრაქტიკული სამხედრო მომზადება ახალციხის სამხედრო ბაზაზე, 1998 წელს მაინც წავედი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ლეიტენანტის ჩინით.

 

მაია მენაბდე, ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ათ საუკეთესო მასწავლებელს შორის რომ მოვხვდი, ეს იმდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამარჯვება იყო, რომ ნამდვილად აღარ მიოცნებია ხუთეულზე.

ხუთეულში ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და შესაბამისად მართლა მოულოდნელი და დიდი სიხარული იყო. ყველაზე სასიამოვნოა იმის თვალნათლივ დანახვა, თურმე რამდენ ადამიანს უხარია გულწრფელად ჩემი წარმატება და ამიტომ სულ მინდა მადლობები ვუხადო თითოეულ მათგანს ჩემ მიმართ გამოხატული სითბოსა და სიყვარულისთვის!

თავიდანვე, როცა საუკეთესო ათეულში აღმოვჩნდი, სიხარულთან ერთად ვიგრძენი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჟიურის, ჩემი მოსწავლეების, კოლეგების, ზოგადად, საზოგადოების წინაშე. ახლა ეს პასუხისმგებლობის განცდა გამიორმაგდა. ვიცი, დამჭირდება გაასმაგებული ძალისხმევა, რათა ეს ძალიან დიდი ნდობა არ გავახუნო. კიდევ უფრო ღია გავხდე სიახლეების მისაღებად, ამ ერთგვარი პოპულარობით ვისარგებლო და ჩემი საქმიანობით უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მივმართო, ჩემი აზრით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისკენ, როგორებიცაა, მაგალითად: წიგნიერების მნიშვნელობა, ბავშვთა მიმართ დამოკიდებულება, თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა…

რადგან საზოგადოებას მაინცდამაინც არ უყვარს ის ჯარისკაცები, რომლებიც გენერლობაზე არ ოცნებობენ და თუ კონკურსში შემოვდგი ფეხი, კეთილი უნდა ვინებო და გამარჯვებაზეც მქონდეს ნაფიქრი, მეც წავიოცნებებ და ორიოდ სიტყვას ვიტყვი იმაზე, რას გავაკეთებ გამარჯვების შემთხვევაში: არ ვიცი, რა ხდება სხვა ჯილდოების დროს, მაგრამ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ნამდვილად არ ეკუთვნის მხოლოდ მფლობელს ( რა თქმა უნდა, იდეის დონეზე) და ეს, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა მასწავლებელმა იცის, ვისაც კი ოდესმე მონაწილეობა მიუღია ამ უმნიშვნელოვანეს კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით. ფულადი პრემიის სწორად განაწილება იქნება იმ პასუხისმგებლობის გამართლება, რომელსაც რჩეულთა შორის მოხვედრისთანავე გრძნობს ადამიანი. მე, პირადად, მაქსიმალურად მოვახმარდი იმ საქმეს, რომელშიც მოკრძალებული წვლილი შემაქვს ჩემი მასწავლებლობით და რომელმაც ასეთ აღიარებამდე მომიყვანა – ეს არის წიგნიერების როლის გაზრდა საზოგადოებაში. ჩემი აზრით, წიგნიერება ერის განვითარების, ახალგაზრდობის სწორ გზაზე დაყენების ის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელშიც ნამდვილად ღირს ნებისმიერი მატერიალური რესურსის დაბანდება.

ჩემი ყოფნა საუკეთესო ხუთეულში თავიდან ბოლომდე ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა. შეიძლება ეს წინადადება ბავშვებს პათეტიკურად და დაუჯერებლადაც მოეჩვენოთ, მაგრამ მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ არასოდეს არაფერი მარტო არ მიკეთებია და მათი დახმარება ყოველთვის მჭირდებოდა და კვლავაც დამჭირდება.

ჩემი აქ დგომით მინდა ჩემმა მოსწავლეებმა ირწმუნონ, რომ თუ რაიმეში სულსა და გულს ჩადებენ, თუ ეყვარებათ თავიანთი საქმე, მათ აუცილებლად გამოუჩნდებათ დამფასებელ – შემყვარებელი. რა თქმა უნდა, საწინააღმდეგოსაც გადააწყდებიან, მაგრამ ამ რწმენის გარეშე, უბრალოდ, ძალიან გაუჭირდებათ.

 

ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი

ფინალისტების გამოცხადებისას იყო ისეთი ემოცია, სიტყვით რომ ვერ გამოთქვამს ადამიანი. საკუთარი გვარისა და სახელის გაგონებაზე დავმუნჯდი, გული ამოვარდნას მქონდა და აღარ მესმოდა ის, რაც შემდეგ ბრძანა ქ-მა ელიზაბეტ რუთმა. მხოლოდ მის სახეს ვხედავდი და თავში ჩემი პატარა მოსწავლეების გახარება მიტრიალებდა, ისინი ხომ მოუთმენლად ელიან კონკურსის შედეგს. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი და უბედნიერესი წუთები ჩემს ცხოვრებაში. ივნისში, როდესაც ჯილდოს საუკეთესო ათეულში დამასახელეს, მეგონა იმაზე დიდი სიხარული არ არსებობდა, ახლა კი აი, ამან სულ გადაფარა ყველაფერი.

„ათეულთა კლუბის“ ( 2017 წლიდან დღემდე კლუბში 30 მასწავლებელია) ყველა წევრი მიყვარს, ჩვენ ვმეგობრობთ და ერთად ვგეგმავთ სამომავლო საქმიანობას. მაგალითად, ჩემი თხოვნით, რამდენიმე მათგანი მზადაა ჩამოვიდეს და გაკვეთილი ჩაუტაროს ჩვენისკოლის მოსწავლეებს აქ, საოკუპაციო ზოლთან. ეს იქნება უაღრესად საინტერესო გაკვეთილები, ამასთან, იქნება სიმბოლური ქმედებაც , „მასწავლებლები ოკუპაციის წინააღმდეგ და განათლება ძალმომრეობის საპირწონედ“’. მოხარული ვარ, რომ ქმედებაზე ორიენტირებული, სანიმუშო პრაქტიკის მქონე კოლეგები დავიმეგობრე, მე ამ შესაძლებლობას ჩემი პატარების განვითარებისთვის გამოვიყენებ.

საკამაოდ ძლიერ მასწავლებლებთან ერთად, ფინალურ ხუთეულში ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა. თითოეული მათგანის პრაქტიკა გამორჩეული და უაღრესად საინტერესოა. ვფიქრობ, ხუთივეს თანაბრად გვაქვს გამარჯვების შანსი.ჩემი სკოლა ამჟამად რებილიტაციის პროცესშია და ძალიან მინდა კონკურსის მოგება, რათა საპრიზო თანხით ახლად გარემონტებულ სკოლაში დაბრუნებისას, ტრადიციული საკლასო ოთახის ნაცვლად, ჩემი პატარებისთვის განსხვავებული, ინოვაციური გარემო შევქმნა. ამას მათ შევპირდი და არ მინდა მოლოდინი გაუმტყუნდეთ. მსურს შევიძინო ლამაზი, ფერადი ავეჯი, ე.წ. პუფები, სხვადასხვანაირი თვალსაჩონოება და რესურსი, ბევრი საინტერესო წიგნი საკლასო ბილიოთეკისთვის, აგრეთვე, 3D VR სათვალე ვირტუალური მოგზაურობებისთვის.

დიდი მადლობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებს და მის ჟიურის, რომელმაც ჩემი თავდაუზოგავი შრომა დააფასა. საკუთარი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და აღიარება ძალიან ბევრს ნიშნავს პედაგოგისთვის, ჩემს შემთხვევაში ეს მოხდა და უბედნიერესი ვარ. ვისურვებდი, რომ მომდევნო წლებში, რაც შეიძლება მეტმა მასწავლებელმა შეავსოს აპლიკაცია. ზოგჯერ საუკეთესო პედაგოგები უხერხულობას გრძნობენ და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, ერიდებათ საკუთარი საქმიანობის აფიშირების. ასე ვიყავი მეც, სანამ ათეულობით მეგობარმა და ჩემმა სკოლამ არ წარმადგინა კონკურსზე. ეს არის განსაკუთრებული პერიოდი მასწავლებლის ცხოვრებაში და ვისურვებ ბევრმა პედაგოგმა გამოსცადოს ამგვარი სიხარული. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნული ჯილდოს ყველა მონაწილეს.

 

ქეთინო მერებაშვილი, სკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი

ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი განათლებაა, მასწავლებლის როლი კი შეუცვლელია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. მასში მონაწილეობის მიღება კი – უდიდესი პასუხისმგებლობა.

როდესაც სკოლამ ამ ჯილდოზე წარმადგინა , სწორედ ეს პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო პედაგოგიური გუნდის წინაშე, მაგრამ საინტერესო გამოწვევა იყო და დავთანხმდი. ახლაც , როდესაც უკვე ფინალში ვარ, პასუხისმგებლომა უფრო გაიზარდა . მაგრამ, ის ემოცია, რაც ფინალურ ტურში მოხვედრით განვიცადე, წარმოუდგენლად დიდი ენერგიით მავსებს.

ფინალურ ტურამდე გარკვეული ეტაპები გავიარეთ. ამ პერიოდში გავიცანი კონკურსში მონაწილე პედაგოგები , მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ყველა საუკეთესოა თავის პროფესიაში, ყველას წარმატებას ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში.

ფინალურ ტურში გამარჯვებამ მეტი რწმენა შემმატა, ჩემი ნაკეთები საქმის სისწორე და მიზანმიმართულება განმიმტკიცა. ჩემი მოსწავლეების მიმართ ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე აგებულმა დამოკიდებულებამ , მე ფინალურ ტურამდე მიმიყვანა. დღეს კი სამომავლო გეგმებს ვსახავ,  ჩემს მოსწავლეებთან ერთად, რომ მათი საქმიანობა უფრო საინტერესო, სახალისო და მოტივირებული იყოს. გავაგრძელებ პროექტებით სწავლებას, რაც ყველაზე საინტერესო და შედეგიანია ჩემი მოსწავლეებისათვის, ვუხელმძღვანელებ სკოლის ეკოკლუბს, სადაც უამრავი საინტერესო აქტივობით მოსწავლეებს გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას ჩამოვუყალიბებ. ისევ გავუწევ კურატორობას კლუბს „ახალგაზრდული ევროპული კავშირი“ და სხვადასხვა პროექტებს განვახორციელებთ. ასევე, კვლავ ვუხელმძღვანელებ საზაფხულო ბანაკს და ბავშვებს საკუთარ ქვეყანას უფრო შევაყვარებ, მისი მოვლისა და დაცვის სურვილს განვუმტკიცებ. მოვატარებ სხვადასხვა რეგიონებს და მათ პრობლემებსა და განვითარების პერსპექტივებზე ვიმსჯელებთ.   უფო აქტიურს გავხდი საველე-გასვლითი გაკვეთილების ტრადიციას, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია გეოგრაფიის სწავლებისას.

გამარჯვების შემთხვევაში, ჯილდოდან გარკვეულ თანხას ბანაკისათვის საჭირო ინვენტარის შესაძენად გამოვიყენებ.

სკოლის გარემო ყოველთვის არის ერთ-ერთი ძირითადი მასტიმულირებელი მასწავლებლის შედეგიანი საქმნიანობისა. სკოლა-ლიცეუმი„პრომეთე“ არის ის სივრცე, სადაც ყველა ინიციატივა და წამოწყება განხორციელებადია, ის ხელის შეწყობა მოსწავლე-მასწავლებლის მიმართ, რაც ამ სკოლაშია, ნამდვილად იძლევა საშუალებას , რომ მასწავლებელიცა და მოსწავლეც მოტივირებული იყოს, რასაც საბოლოოდ კარგ შედეგამდე მივყავართ, რაც იძლევა იმის საშუალებას , რომ მოსწავლე კონკურენტუნარიან და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს.

მინდა წარმატება ვუსურვო ყველა კონკურსანტს და ყველა პედაგოგს, ვინც ღირსეულად ატარებს საკუთარ სახელს. ვინც არაფერს იშურებს ჩვენი ქვეყნის მომავლის შექმნაში. მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს, ასეთი საინტერესო და ღირებული კონკურსისათვის.

 

თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრობა, ჩემი საქმიანობის ყველაზე დიდი აღიარებაა.  5 სექტემბერს  სასიამოვნო  ემოციები დამატყდა  თავს და გამიჭირდება ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა.   მინდა  ყველა  ფინალისტს  მივულოცო ეს დიდი წარმატება, თუმცა ათეულის  წევრობა უკვე  დიდი გამარჯვებაა. რომელიც  დიდი  შრომის  ფასად  მიიღწევა.

ჩემი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებლობით, ფსიქოლოგიური და პედაგოგოგიური გამოცდილება მეხმარება ადვილად დავინახო მოსწავლეთა საჭიროებები, ამიტომ ვქმნი ორიგინალურ გაკვეთილებს, პროექტებს, ვაწყობ მოსწავლეთა გამოფენებს, ჩემი ავტორობით გამოცემული მაქვს ოცდაათზე მეტი შემეცმებითი და მხატვრული ლიტერატურა სხვადასხვა ასაკის ბავშვთა  თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით; ჩემი წიგნი ,,მხიარული დედაენა“ კი თვრამეტჯერ გამოიცა და ბესტსელერადაა აღიარებული. ჩემი წიგნები, ყოველწლიურად, მიუნხენისა და ბოლონიის ფესტივალებზეა წარმოდგენილი. პარალელურად, ვეწევი საზოგადო საქმიანობას, პოპულარიზაციას ვუწევ, როგორც მასწავლებლის პროფესიას, ასევე, ბავშვებში წიგნებით დაინტერესებასა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. არ ვამბობ უარს არც ერთ მიწვევაზე და ვსტუმრობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკას, სკოლას და მედიასივრცეს მასწავლებლისა და საბავშვო მწერლის რანგში,  სადაც ვსაუბრობ ბავშვებთან  წიგნიერების დონის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვაცნობ ჩემს  შემთქმედებას და ვატარებ სახელოვნებო მასტერკლასებს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ასამაღლებლად. ათ წელზე მეტია, ტრენინგებით ვეხმარები რეგიონის მასწავლებლებს ახალი გამოწვევების დაძლევაში.

ჩამოთვლილი საქმიანობებიდან გამომდინარე, ფინალისტობით უფრო მეტად შევძლებ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, შევქმნი და გავამრავლფეროვნებ მოსწავლეებისთვის საჭირო შემეცნებით, მხატვრულ და მეთოდურ ლიტერატურას და განვაახლებ საბავშვო შემეცნებით სატელევიზიო გადავცემას.

ჩემთვის მასწავლებლობა რთული, შრომატევადი, მაგრამ საინტრესო პროფესიაა, რომელიც მუდმივ ძიებას და განვითარებას მოითხოვს, ამას ემატება ცხოვრებისეული დაბრკოლებები, არასასურველი სიურპრიზები, პირადად მე წლებია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულის სტატუსით მიწევს საქართველოში ცხოვრება, თუმცა მოვახერხე ადაპტაცია, არ შევეუშინდი სიძნელეებს. ამჟამად ,,ასწავლე საქართველოსთვის“პროგრამის კონსულტანტ-პედაგოგად ვმუშაობ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერაში და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ვარ. ვასწავლი იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდები ქვეყანას, რადგან მიმაჩნია,რომ ყველა ბავშვს სჭირდება სრულფასოვანი და ღირსეული განათლება, არა მარტო ქალაქში, არამედ შორეული რეგიონის საჯარო სკოლაშიც. ბავშვები იმსახურებენ განათლებით მიღებულ ბედნიერებას,  ხოლო ბედნიერების გასაღები   კარგი მასწავლებლების ხელშია.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მასწავლებლობით, საბავშვო მწერლობით, ტრენერობითა და საზოგადო მოღვაწეობით კარგად მიცნობენ საქართველოში, ხოლო ეროვნული ჯილდოს ფინალისტობა დამეხმარება უფრო გავაფართოვო მრავალმხრივი საქმიანობა და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის განათლების საქმეში.

p.s. ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ  განათლებით მიღებულ ბედნიერებას, ხოლო ბედნიერების გასაღები კარგი მასწავლებლების ხელშია.

ლალი ჯელაძე 

დატოვეთ კომენტარი