სტუდენტი ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეების გარეშე ვერაფერს მიაღწევს

312

რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ნინო შარაშიძე

 ნინოგვიამბე შენი მოსწავლეობის პერიოდზე

– ვსწავლობდი თბილისში, მე-7 გიმნაზიაში (ახლანდელი 63-ე საჯარო სკოლა), ყველა საგანი თანაბრად მაინტერესებდა და, სწავლის პარალელურად, სხვადასხვა სასკოლო კონკურსებში ვმონაწილეობდი. უფროს კლასებში უკვე აღარ მაკმაყოფილებდა ის განათლება, რომელსაც საქართველოში ვიღებდი და ამიტომ სასწავლებლად უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობდი.

 სასწავლებლად მიემგზავრები  ოქსფორდში… რა პროგრამით გაემგზავრე?

 – ყველაფერი 2008 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც ოქსფორდში ერთთვიან ენის კურსებზე გავემგზავრე. იმდენად მონდომებული ვიყავი, ორ კვირაში ინგლისური ენის ბოლო საფეხურზე დამსვეს და Advanced დონის სერტიფიკატი ავიღე. როდესაც ოქსფორდულ სტუდენტურ გარემოს და სწავლების მეთოდს გავეცანი, მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.

იქ ყოფნისას, სრულიად დაუგეგმავად, გადავწყვიტე დარჩენა, მოვიძიე კოლეჯებზე ინფორმაცია, ტესტირების და გასაუბრების გავლის შედეგად კი – OOxford & Cherwell Valley College-ში ჩავირიცხე, სადაც სწავლის საფასური და სწავლასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი კოლეჯმა დამიფინანსა, რაც ოქსფორდში ძალიან იშვიათი შემთხვევაა. კოლეჯში ვსწავლობდი სპეციალიზებულ საგნებს: ინგლისის სამართალი, ევროპათმცოდნეობა, უმაღლესი მათემატიკა, ინგლისური ენა და ლიტერატურა. სწავლის პერიოდში განაცხადი შევიტანე ბრიტანეთის 5 წამყვან უნივერსიტეტში, აქედან ოთხი უნივერსიტეტიდან მომივიდა მოწვევა, საბოლოოდ Oxford BrookesUniversity-ზე შევაჩერე არჩევანი, ჩავაბარე IELTS-ის გამოცდა, უმაღლესი ქულებით დავასრულე კოლეჯის კურსი და ჩავირიცხე პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ბაკალავრიატი წარმატებით დავასრულე და მაგისტრატურაზე გავაგზავნე საბუთები სხვადასხვა ქვეყნის სამ უნივერსიტეტში. სამივედან დადებითი პასუხი მომივიდა, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე ბრიუსელი ვამჯობინე. ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ევროპის პოლიტიკის განხრით ვსწავლობდი. სამაგისტრო ნაშრომი, რამდენიმე თვის წინ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დავიცავი, რომელიც 2003-2013 წლებში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავდა.

 ნინოგვიამბე ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტის ისტორია

 – ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტი ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია, სოციალური მეცნიერებების, სამართლის, არქიტექტურის და ბიზნესის განხრით. ცნობილი კურსდამთავრებულები დღეს ბრიტანეთის პარლამენტის წევრები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ცნობილი ბრიტანული კომპანიების მენეჯერები არიან. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტიც ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით, უმეტესობა დღეს, ევროპაში ცნობილი პოლიტიკოსი, იურისტი ან ეკონომისტია.

 რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?

 – ვერ წარმომიდგენია, საქართველოში ცხოვრობდე და პოლიტიკა არ გაინტერესებდეს. როცა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და კვლავ გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი. ვცხოვრობდი ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავრობა რევოლუციებით იცვლებოდა. სადაც იყო კრიმინალის მაღალი დონე და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე სათანადოდ ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შეეძლოს რეალობის სწორი აღქმა და გაანალიზება. ამიტომ დავინტერესდი პოლიტიკური მეცნიერებებით, რომელიც ფაქტებზე და კვლევებზე დაყრდნობით ხსნის ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენას.

 რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ… რამდენადაც ვიციასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენვინ არიან ისინი?

 – ორივე უნივერსიტეტში ძალიან მრავალფეროვანი, აქტუალური და საინტერესო საგნები ისწავლება. მასწავლიდნენ ისეთი პროფესორები, რომელთა წიგნებიც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სახელმძღვანელოებია. მყავდა პრაქტიკოსი ლექტორებიც, რომლებიც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, ასევე თავისი დარგის საუკეთესო ექსპერტები, რომლებსაც BBC-სა და CNN-ის ჟურნალისტები ხშირად იწვევდნენ კომენტარის გასაკეთებლად.

 რა შეგიძლია გვითხრა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე?

 – საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს ორივე ქვეყანაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ყოველ შემთხვევაში, სოციალური მეცნიერების სტუდენტი ბიბლიოთეკაში გათენებული ღამეების გარეშე ვერაფერს მიაღწევს. როცა რაღაც ახალზე ფიქრობ, აანალიზებ, აუცილებლად უნდა იცნობდე სხვადასხვა ავტორების მოსაზრებებს და არგუმენტებს. თემის მომზადებისას შენი აზრი არავის აინტერესებს, მთავარია, არსებულს გაუკეთო სწორი ანალიზი და თეორიული მიმდინარეობების პოლიტიკურ რეალობაზე მორგება შეგეძლოს.

 რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი,  რაც ევროპამ მოგცა?

 – ვიტყოდი, რომ ევროპაში ვისწავლე დამოუკიდებლად აზროვნება. შევხვდი ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებებს, მოხდა ჩემი პერსონის ჩამოყალიბება. იქაური განათლების სისტემა გაძლევს საშუალებას, შეიცნო შენი თავი, გახდე უფრო შემოქმედებითი, თავდაჯერებული და ირწმუნო, რომ შეგიძლია რაღაც ახალი შექმნა, ახალი სიტყვა თქვა, რომელიც აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი შემდგომი თაობებისთვის.

 რა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?

 – გამიჭირდება შედარება, რადგან საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში არ მისწავლია. თუმცა, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვხელმძღვანელობ “ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანებას”) საქართველოში განათლების მიღების ხარისხზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს. როგორც სტუდენტები ამბობენ, აქ სწავლების დონე საკმაოდ დაბალია. ალბათ უფრო კვალიფიციური ლექტორები უნდა მიიღონ და აუცილებელია, რომ მოთხოვნა გაიზარდოს. ლექტორებმა ისეთი დავალებები უნდა მისცენ სტუდენტებს, ბიბლიოთეკების გამოყენება რომ უწევდეთ, ამით წიგნთან მუშაობას ისწავლიან.

 ევროპულ სასწავლებლებში ხშირად ეწყობა სამოგზაურო ტურები. სწავლის პარალელურად, ხომ არ მოგიწია რომელიმე ქვეყანაში წასვლა?

 – სასწავლო ტურები სხვა ქვეყნებში ნაკლებად ეწყობოდა, უფრო შეიძლება სხვა ქალაქებში, იმისთვის, რომ პრაქტიკული ცოდნა მიგვეღო. თუმცა, შარშან მოვახერხე დაფინანსების მოპოვება საზაფხულო კურსის გასავლელად ბუდაპეშტში, რითაც უფრო სპეციფიკური ცოდნა მივიღე იმ საკითხებზე, რაც კონკრეტულად მაინტერესებდა, კერძოდ – მიგრაციის პოლიტიკის კუთხით.

  უცხოეთშისოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგადუცხოელ სტუდენტებსსწავლის პირველივე წლიდან უფლება აქვთ იმუშაონ ნახევარ განაკვეთზეგქონდა თუ არა მუშაობის შესაძლებლობა?

 – ნამდვილად ასეა. გარდა იმისა, რომ მუშაობის უფლება გეძლევა ნახევარ განაკვეთზე, რეალურად უნივერსიტეტიც გიწყობს ხელს, რადგან ლექციები ისეა მორგებული, რომ თავისუფლად შეგიძლია სწავლის პარალელურად იმუშაო. მუშაობის პარალელურად, სტაჟირებებსაც გავდიოდი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, რაც გეხმარება, რეალობაში დარჩე და თეორიულ სამყაროში არ “დაიკარგო”.

თუმცა, ყველაზე კარგი ვარიანტი ალბათ ის არის, როდესაც სწავლის პროცესს ისე უდგები, თითქოს სამსახურია. მნიშვნელობა არ აქვს, იმ დღეს ლექცია გაქვს თუ არა, მთავარია, ყოველ დილას ადრე წახვიდე ბიბლიოთეკაში და საღამომდე უნივერსიტეტში იყო, ბევრი იკითხო და იმეცადინო. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტი საუკეთესო თეორეტიკოსად და მკვლევარად ყალიბდება. ჩემს თავს უფრო აქტიურ პოლიტიკაში ვხედავ, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება, რომელიც სტაჟირებებით და მუშაობით მივიღე.

 მიამბეროგორ ცხოვრობენ ევროპელი ახალგაზრდებირა არის მათთვის პრიორიტეტული, ომელი დარგია ყველაზე მეტად განვითარებული?

– ახალგაზრდები ჩვეულებრივ ცხოვრობენ, სწავლობენ, მუშაობენ, ემზადებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, აქვთ ჰობი. სპორტული ცხოვრებით უფრო მეტად არიან გატაცებული, ვიდრე მათი თანატოლები საქართველოში. ამაში უნივერსიტეტები უწყობენ ხელს. მუდმივად იმართება სპორტული შეჯიბრებები უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტი გაფასებს და გაღიარებს, როდესაც მისი სახელით გამოდიხარ ჩემპიონატებზე. რომელი დარგია ყველაზე პრიორიტეტული, ცოტა რთული სათქმელია, თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტი სტუდენტი იქაც სოციალურ მეცნიერებებზე, სამართალზე და ეკონომიკურ მეცნიერებებზე სწავლობს.

  სად და როგორ ატარებდი თავისუფალ დროსმომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებას?

– იმდენად დატვირთული ვიყავი სწავლით და სტაჟირებებით, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა. გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში ქართველმა სტუდენტებმა ჩამოვაყალიბეთ ქართული სტუდენტური გაერთიანებები, რომელიც როგორც ჩამოსულ ქართველ სტუდენტს, ასევე ჩამოსვლის მსურველ სტუდენტებს ეხმარებოდა ინფორმაციის მოძიებაში, ადაპტაციის გავლაში, მნიშვნელოვანი კონტაქტების შეძენაში და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტებსაც ეხმარებოდა. ამის შემდეგ დავაარსეთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება”, რომლის კარი ღიაა ყველა ქართველი სტუდენტისთვის თუ ქართული სტუდენტური ორგანიზაციისთვის.

  როგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი არის თუ არა საქართველოში დამსაქმებლისთვის პრიორიტეტი?

– ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, რომ საზღვარგარეთ მიღებული განათლება საქართველოში, დამსაქმებლისთვის, პრიორიტეტი იყოს. როგორც ჩანს, საქართველოს სამუშაო ბაზარზე აკმაყოფილებთ ის განათლება, რასაც საქართველოში იძლევიან, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კარგი ნამდვილად არ არის. მართალია, სურვილი გვაქვს, რომ ევროპული სახელმწიფო შევქმნათ, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები  ევროპულისგან ძალიან შორსაა… აუცილებელია იმ კადრების გამოყენება, ვინც უცხოეთში მიიღო განათლება და გამოცდილება. ლოგიკურია, რომ სტუდენტი, რომელიც უცხოეთში წარმატებით სძლევს აკადემიურ პროგრამას, გაცილებით ძლიერი კანდიდატია, ვიდრე ის, ვინც საქართველოში, საკუთარ ქვეყანაში, მშობლიურ ენაზე ეუფლება პროფესიას. შესაბამისად, ასეთ სტუდენტებზე მოთხოვნაც მაღალი უნდა იყოს და hr-ებს პირდაპირ `ნადირობა~ უნდა ჰქონდეთ გამოცხადებული. იმედი მაქვს, მალე ასეც იქნება, რადგან არც ერთი სტუდენტი არ იმსახურებს იმას, რომ უცხოეთში მიიღოს საუკეთესო განათლება ჩადოს მთელი დრო, ენერგია, ფინანსური რესურსი და საკუთარ ქვეყანაში დაფასებული არ იყოს.

იშვიათად, მაგრამ შემხვედრია ისეთი სტუდენტიც, ვინც უცხოეთში განათლების მიღებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ საზღვარგარეთ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური ნახოს და იქ დაიმკვიდროს თავი. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და ნამდვილად ვერ გაამტყუნებ, თუმცა, როცა სტუდენტის მთავარი მოტივაცია ის არის, რომ მიიღოს საუკეთესო განათლება იმისთვის, რომ დაბრუნდეს და მიღებული განათლება ქვეყნის განვითარებას მოახმაროს, მას აუცილებლად უნდა მიეცეს საკუთარი თავის რეალიზების შანსი და გულაცრუებულს იძულების წესით არ უნდა მოუწიოს ქვეყნიდან გაქცევა. ასეთ შემთხვევაში, ის უცხოეთიდანაც აღარ გამოადგება საქართველოს, იქაური დიპლომით ადაპტაციას მარტივად მოახდენს და იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდება. – გეთანხმებით, საერთაშორისო განათლების სამყაროში შეიძლება დაიკარგო, იმდენად საინტერესო და მიმზიდველი ჩანს ყველა უნივერსიტეტი თუ ფაკულტეტი. ასეთ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ჩვენს ორგანიზაციასთან (World Union of Georgian Students) კონსულტაციებს ვურჩევ, რაც ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენ ერთად შევაფასებთ უნივერსიტეტის მოთხოვნებსა თუ სტუდენტის განათლების დონეს, რათა დავადგინოთ ამ ორის ერთმანეთთან შესაბამისობა, სტუდენტს ვურჩევთ მისთვის ყველაზე კარგ ვარიანტს, სადაც აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

– საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად, შესაძლოა, ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთ. სწორი არჩევანის გაკეთება, საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ძნელია. რას ურჩევდი იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დიდი სურვილი აქვთ.

– გეთანხმებით, საერთაშორისო განათლების სამყაროში შეიძლება დაიკარგო, იმდენად საინტერესო და მიმზიდველი ჩანს ყველა უნივერსიტეტი თუ ფაკულტეტი. ასეთ ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ჩვენს ორგანიზაციასთან (World Union of Georgian Students) კონსულტაციებს ვურჩევ, რაც ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ჩვენ ერთად შევაფასებთ უნივერსიტეტის მოთხოვნებსა თუ სტუდენტის განათლების დონეს, რათა დავადგინოთ ამ ორის ერთმანეთთან შესაბამისობა, სტუდენტს ვურჩევთ მისთვის ყველაზე კარგ ვარიანტს, სადაც აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

 – დაბოლოს, საზღვარგარეთცხოვრება ადამიანს ალბათ ბევრ რამეზე აფიქრებს, შორიდან უკეთესია ჩვენი ქვეყანა, ვიდრე სინამდვილეშია?

– შორიდან ბევრს ფიქრობ შენს ქვეყანაზე, ცდილობ პარალელების გავლებას. უცხოეთში ყველაფერი უფრო მოწესრიგებული და დალაგებულია, არ აწუხებთ ის პრობლემები, რაც საქართველოში გვაწუხებს. ვერ ვიტყვი, რომ უკეთესი ჩანს, ალბათ ისეთი ჩანს როგორიც არის, უბრალოდ უფრო მეტად აფასებ იმას, რაც გაქვს და გული გწყდება იმაზე, რაც არ არის. გინდა ის, რასაც უცხოეთში ხედავ და მოგწონს, საქართველოშიც დანერგო. თუმცა ემიგრანტების შესახებ უამრავი ცრურწმენა დაგროვდა ჩვენს საზოგადოებაში და მათ არავინ უსმენს. კარგი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები ამ საკითხის მოგვარებაზეც დაიწყებენ ზრუნვას.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი