სოფო გორგოძე თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ რეგისტრაციის პროცესს ბოლო დღემდე ნუ მიყვანენ

178

რეგისტრაციამდე რამდენიმე დღე დარჩა, მაგრამ აბიტურიენტები მაინც არ ჩქარობენ და, ტრადიციულად (ბოლო წლების სტატისტიკა ამას აჩვენებს), დროს ბოლო წუთებამდე წელავენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 1100-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის ელექტრონული განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შეავსო – ამ მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღაველი სოფო გორგოძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ასაჯაროებს და თხოვნით მიმართავს აბიტურიენტებს, რომ რეგისტრაციის პროცესს ბოლო დღემდე ნუ მიყვანენ: „მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს, რომ 3 აპრილის 18:00 საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს, რადგან ამ დროიდან მათ აღარ შეეძლებათ დარეგისტრირება. თუ ვერ გაივლიან ამ დრომდე რეგისტრაციას, ისინი შემდეგ ეტაპებზე ვეღარ გადავლენ. შემდეგი ეტაპი არის 7 მაისის 18:00 საათი, 7 მაისისთვის აბიტურიენტებს შეუძლიათ დაამატონ საგნები, რომლის ჩაბარებაც უნდათ. 3 აპრილამდე აბიტურიენტებს 1 საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული, რომ გაიარონ რეგისტრაცია და 7 მაისამდე დანარჩენი საგნებიც შეუძლიათ აირჩიონ ან შეცვალონ საგანი. მესამე ეტაპი აგვისტოშია, როცა უკვე გამოქვეყნებულია შედეგები და,   აპელაციების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით, მათ შეუძლიათ პროგრამებში ცვლილებების შეტანა”.

სოფო გორგოძე ბრიფინგზე რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა – „ხშირად ჰგონიათ, რომ ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ და თანხა მერე გადაიხადონ, სინამდვილეში კი – ჯერ თანხა უნდა გადაიხადონ. მათ ერთი საგნის ჩაბარების თანხა – 10 ლარიც რომ გადაიხადონ, უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. ასევე, ვთქვათ, თუ თანხის პრობლემა აქვთ, ერთი საგანი მაინც დაარეგისტრირონ და დანარჩენი საგნები 7 მაისამდე დაამატონ. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, რომ არ ნიშნავენ ველს ,,ვეთანხმები რეგისტრაციის წესებს” და ვეღარ აგრძელებენ რეგისტრაციას. ხანდახან, არასწორად რიცხავენ თანხას და შეიძლება სამაგისტროზე ჩარიცხონ“.

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ხშირად აბიტურიენტებს ყურადღების მიღმა რჩებათ, Email-ზე რეგისტრაციის დასტურის მიღებაა. „ხშირად, აბიტურიენტებს ჰგონიათ, რომ დარეგისტრირდნენ, თუმცა სინამდვილეში რეგისტრაციის პროცესი დასრულებული არ აქვთ. ამიტომ, თუ Email-ზე დასტური არ მოუვათ, აუცილებლად მიმართონ გამოცდების ცენტრს.“ – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა.

სოფო გორგოძე მოუწოდებს აბიტურიენტებს, აქტიურად ადევნონ თვალი ცნობარს, რადგან ზოგიერთი პროგრამა ამ პერიოდში გადის აკრეტიდაციას, ნაწილს კი, პირიქით, შეიძლება აკრედიტაცია გაუუქმდეს. სწორედ ამისთვის ეძლევათ მათ უფლება, რომ პროგრამებში ცვლილებები შედეგების გაგების შემდეგაც შეიტანონ.

რეგისტრაციის პროცესის დეტალები გაწერილია ცნობარში, თუმცა, პრობლემების შექმნის შემთხვევაში, ცენტრი აბიტურიენტებს სთხოვს, ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.

დატოვეთ კომენტარი