საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს.

1025

 

საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება  10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. ასეთია შედეგები ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევისა, რომელიც  რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

 

კვლევა 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის(მიქსი) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში. ტყვიის დონის განსასაზღვრად, ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში, რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ტყვიის კვლევის ოქროს სტანდარტს.

„გაეროს ბავშვთა ფონდი, ცხრა დონორ ორგანიზაციასთან ერთად, დაეხმარა საქართველოს მთავრობას, კერძოდ, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა  და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო“, განაცხადა გოტფრიდ ჰანემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის აღიარებას და მთავრობის კეთილ ნებას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები და ღონისძიებები. შემდეგი ნაბიჯი ტყვიის ზემოქმედების წყაროების კვლევა უნდა იყოს“.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე).

მთავრობა გეგმავს შეიმუშაოს ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;  საბაზრო მიმოქცევაში ტყვიით დაბინძურებული პროდუქტების მოხვედრის პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.

მას შემდეგ, რაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, ბევრი კითხვა გაჩნდა, რა უნდა იყოს შემდეგი ქმედებები. იუნისეფი ასეთ რეკომენდაციებს გვათავაზობს:

  • პირველ რიგში, უნდა ჩატარდეს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევა;
  •  შემუშავდეს ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვისთვის;
  • დაინერგოს ეფექტიანი რეგულაციები, რომ საბაზრო მიმოქცევაში არ მოხვდეს ტყვიით დაბინძურებული პროდუქტები;
  • განხორციელდეს საინფორმაციო კამპანია, ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ.

 

 

 

დატოვეთ კომენტარი