საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება

1229

 

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება და 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

გამოცდაში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება გამოცდაში მონაწილეობის მიღების შესახებ. განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე.მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია თან ერთვოდეს:
 
  • გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება.
ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
 
წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
 
  • წაკითხულის გააზრება – 7 დავალება;
  • ლოგიკური მსჯელობა – 7 დავალება;
  • რაოდენობრივი მსჯელობა – 7 დავალება.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებელი იქნება 15 დავალება.
 
ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვა), რომელიც ცენტრის მხრიდან საჭიროებს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს/პირობების შექმნას და შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) წარმოადგინოს ცენტრში 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ტესტირების მიმდინარეობის დროს აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:
 
  • წყალი (პოლიეთილენის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, ცენტრის თანხმობით.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით და სხვა საჭირო ნივთებით.

გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს

ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
გამოცდის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ცენტრი გამოაქვეყნებს:
ა) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა;
ბ) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.

გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე ინფორმაცია რეგისტრაციის დარულების შემდეგ გახდება ცნობილი.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე.

დატოვეთ კომენტარი