საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა უფლებების თემაზე

149

საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების საკითხს მიეძღვნა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართული საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც დისტანციურად მიიღო მონაწილეობა ეკატერინე დგებუაძემ, განათლების მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციაში, რომელიც ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა, ასევე, მონაწილეობდნენ: ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით წამყვანი ექსპერტები, დიპლომატები, მთავრობის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მხარეებმა ერთმანეთს ბავშვთა უფლებების მიმართულებით მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება გაუზიარეს და, ამ კუთხით, პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობის გზები განიხილეს.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა UNICEF-ს საქართველოს განათლების სისტემისა და, ზოგადად, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვთა უფლებების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„განათლების სისტემა წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პასუხისმგებელ სისტემას, ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ყოველდღიურ პრაქტიკაში გატარების საქმეში. განათლების ინკლუზიური სისტემის შექმნა, მის ყველა საფეხურზე, ჩვენი სამინისტროს უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტი და რეფორმების საფუძველია. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ მრავალმხრივი და კომპლექსური მიდგომის გზით არის შესაძლებელი.

ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მომავალი პროფესიონალების მომზადებაა, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების რეალურ ცხოვრებაში გატარებას შეუწყობენ ხელს. ამ მხრივ კი, მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების სისტემის როლი.“

საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორმა, დოქტორმა საბინ მახლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტორმა ღასან ხალილმა.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უნივერსიტეტია, სადაც ბავშვთა უფლებების საკითხები ინტეგრირდება პროგრამებსა და კურიკულუმებში, – აღნიშნა ღასან ხალილმა, – ბავშვთა უფლებების შესახებ განათლება მოიაზრებს პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას. ბავშვთა უფლებებსა და ბავშვთა უფლებებზე მორგებული მიდგომის შესახებ ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები და ზრდასრულები განაპირობებენ ცვლილებას მათ უშუალო გარემოში და ზოგადად ქვეყანაში. მიმაჩნია, რომ ქუთაისში ბავშვთა უფლებების თემაზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერებას. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს პარტნიორობას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან, საქართველოში ბავშვთა უფლებების შესახებ განათლების გაუმჯობესების მხარდაჭერის მიზნით.“

UNICEF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი დაარსდება, რომელიც ერთგვარი რესურს-ჰაბი იქნება და ბავშვთა უფლებების მიმართულებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური პერსონალის, მშობლებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.

დატოვეთ კომენტარი