როდის განახლდება სასწავლო პროცესი და გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები – როგორია პრემიერის გეგმები

1671
სასწავლო პროცესის 26 აპრილამდე განახლება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეჭვქვეშ დააყენა. „უნდა შევთანხმდეთ იმაზე, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის – ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, პირველ რიგში, ბავშვების. არსებობს გარკვეული ვადები, ჩვენ თუ შევძელით და ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხეთ, რაც მეეჭვება – იმ ვადებში, რაზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. განათლების სამინისტრო, დღევანდელი მონაცემებით, ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა,უკვე მთლიანად სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ (იქ არის გარკვეული სტანდარტები). განათლების სამინისტროს აქვს მიცემული დავალება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა, გარკვეული იმედი ამის მაინც რჩება.“- აცხადებს პრემიერი.
მისივე განცხადებით, განათლების სამინისტროს დავალება იმაში მდგომარეობს, რომ მან კონკრეტული გეგმა უნდა წარადგინოს, თუ როგორ მოხდება დანაკლისის აღდგენა. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ: „ფაქტია, ჩვენი განათლების სისტემა დღეს არ არის მზად იმისთვის, რომ დისტანციურად ბავშვებს სრულფასოვანი განათლება მისცეს და  აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. აქაც ძალიან ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. მარტივია, თუ 26 აპრილამდე შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი გარკვეული სცენარი გვექნება, თუ ვერ შევძელით, ეს იქნება მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ.“
გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები? პრემიერი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ დაზუსტებით ახლა ვერაფერს იტყვის, რადგან სხვადასხვა სცენარზე მიმდინარეობს მუშაობა – არსებობს დისტანციური სცენარიც, რომელსაც თავისი გამოწვევები ახლავს. მეორე მხრივ, თუ გამოცდები ვირუსის ეპიდემიის პერიოდს დაემთხვა და დროზე ვერ გადავლახეთ ეს პრობლემა, აქ შეიძლება კიდევ სხვადასხვა სახის გამოწვევებიც გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, გიორგი გახარია ამბობს, რომ სხვადასხვა სცენარისთვის ემზადებიან, მათ შორის, უკიდურესად მძიმე სცენარებისთვისაც, თუმცა, ყველა შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა, პროცესი იყოს მართვადი.
ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი