რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები დისტანციურ სწავლებაზე

1914

როგორ აფასებენ სკოლის დირექტორები ონლაინ სწავლებას, რამდენად სრულფასოვანია, მათი აზრით, დისტანციური სწავლების ფორმით მიმდინარე სასწავლო პროცესი, შესაძლებელია თუ არა ესგ-ში დასახული მიზნების მიღწევა და მეორე სემესტრის პროგრამის სრულად ათვისება – გვესაუბრებიან თინათინ ალავიძე, N175-ე საჯარო სკოლის დირექტორი და გელა ოდიშელიძე, თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორი.

 

 

თინათინ ალავიძე

N175-ე საჯარო სკოლის დირექტორი

 

🔹 მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში დავნერგეთ ელექტრონული ჟურნალი. ეს არის „სქულბუქი“, რომლის საშუალებითაც მასწავლებლები მოსწავლეებს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან დავალებებს. დღევანდელი გარემოებებიდან გამომდინარე, ამ პლატფორმას დაემატა ონლაინ გაკვეთილები. დაგვჭირდა საგაკვეთილო ცხრილის შეცვლა. თუმცა, ყველა მოსწავლეს არ აქვს საჭირო მოწყობილობა წესრიგში და უჭირთ ჩართვა.

დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენების სხვა პრაქტიკა არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს, შინ სწავლების რეჟიმზე გადაყვანილ მოსწავლეებთან.

🔹 ჩვენს სკოლაში, 2500 მოსწავლე სწავლობს და 134 მასწავლებელი ასწავლის. შესაბამისად, პრობლემაც მეტია. ძირითადი პრობლემა ინტერნეტთან წვდომა და ტექნოლოგიური აღჭურვილობაა. სამწუხაროდ, გვყავს მოსწავლეები, რომლებიც ვერ ერთვებიან დისტანციური სწავლების პროცესში იმიტომ, რომ არდადეგების პერიოდში ქალაქიდან გავიდნენ, იქ კი, ინტერნეტი არ აქვთ.

🔹 დისტანციური სწავლებისას სასწავლო კურსი, თავიდან ბოლომდე, ელექტრონული ფორმით მიმდინარეობს. სწავლების ეს მეთოდი ძალიან მოსახერხებელი ფორმაა. თანამედროვე ეპოქაში ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამისთვის, თუმცა ჩვენთან, დღეისათვის, გვხვდება ბარიერები. ხელისშემშლელია არსებული კონტექსტი, სასწავლო გარემო და პროგრამების შინაარსი. რამდენად არის მოსწავლე მზად სასწავლო პროგრამის კონკრეტული პროგრამის, ელექტრონული მეთოდის გამოყენებით გასავლელად, აქვს თუ არა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ამას ემატება ტექნიკური და სოციალური ფაქტორიც.

🔹 დისტანციური სწავლება ტექნიკური საშუალებების გამოყენების ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს. ჩვენი მასწავლებლების უმრავლესობა ამ გამოწვევისთვის მზად არ იყო და ახლა ეცნობიან საგანმანათლებლო პლატფორმებს, ცდილობენ მათ გამოყენებას. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,  განათლების სამინისტროსთან ერთად, ძალიან გვეხმარება ამ პროცესის უკეთ წარმართვაში. სკოლებს შესთავაზეს Microsoft 365-ის პროგრამა, Teams-ის გამოყენება, შექმნეს ვირტუალური საკლასო ოთახები. მასწავლებლებმა მიიღეს პროგრამის გამოყენების გზამკვლევები, ვიდეოინსტრუქციები, სადაც დეტალურადაა ახსნილი პროგრამის შესაძლებლობები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი.

სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მშობლებს, დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365-ის სრულფასოვნად ათვისებისთვის, დახმარებას გვიწევენ ტექნოლოგიების ექსპერტები და EMIS -ის წარმომადგენლები.

🔹 შეიძლება ითქვას, რომ არსებობს გარკვეული რისკი და განსაკუთრებით მაღალია მასწავლებელთა შემთხვევაში, რადგან ისინი უფრო მწვავედ აღიქვამენ და რთულად ეგუებიან სიახლეებს. მსგავსი გამოცდილებისა და შესაბამისი საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო უჩნდებათ შიშის განცდა სიახლის მიმართ, თუმცა, მთავარია არ შეშინდნენ, ამ საკითხში უმრავლესობა დილეტანტია და ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. მათ პირველად უწევთ დისტანციური სწავლების მეთოდით სარგებლობა.

🔹 სკოლაში არსებული რესურსი ძალიან მწირია და ვფიქრობ, ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ მოგვარდება. სასურველი იქნება სახელმწიფომ უზრუნველყოს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

🔹 სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მშობელთა თანადგომის გარეშე, დღეს, მასწავლებლებს, გაუჭირდებათ შედეგების მიღწევა. სასურველია მშობელმა სკოლისგან ან მასწავლებლისგან მიიღოს ინფორმაცია რა საკითხში სჭირდება ბავშვს მშობლის დახმარება და როგორ დაეხმაროს შვილს. მშობელი ერთ-ერთი მთავარი რესურსია, რომელიც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს.

🔹 ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია, რომ სწრაფად დავეუფლებით დისტანციური სწავლების მეთოდს და შევქმნით პროგრამებს, თუმცა მასწავლებლები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევებს. საკლასო სივრცეში დაბრუნების შემდეგ კი, ახალ ცოდნას დაუფლებულები, უკეთესად წარმართავენ სასწავლო პროცესს.

დისტანციურ სწავლებასთან ერთად, შესაძლებელია სასკოლო სასწავლო გეგმების მოდიფიცირება ისე, რომ მოსწავლემ საფეხურის ფარგლებში შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული შედეგის მიღწევა. საბედნიეროდ, ამის საშუალებას გვაძლევს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა.

 

გელა ოდიშელიძე

თბილისის N177 საჯარო სკოლის დირექტორი

 

🔸 ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზის გამო შექმნილმა ფორსმაჟორულმა მოცემულობამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასშტაბით, რეალური სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების რომელიმე ფორმით სრულყოფილად ჩანაცვლება დღეს შეუძლებელია, თუმცა სასკოლო საზოგადოებას სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნის უფლებას ეს არ გვაძლევს. თითქმის 2 თვის განმავლობაში სასწავლო პროცესის იძულებით შეწყვეტა ანგარიშგასაწევ ზარალს მოგვაყენებს, ამიტომ იძულებული ვართ, აქტიურად ვიმოქმედოთ სწავლა-სწავლების სხვადასხვა ალტერნატივის დასანერგად, რაც სასწავლო პროცესის შეწყვეტით მიღებულ ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს.

გარკვეულწილად, ფუფუნებაა სამინისტროს მხრიდან  Microsoft-ის ლიცენზირებული პროდუქტების სკოლებისთვის შეთავაზება, რომლის დანერგვაც ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს საჯარო სკოლებში, თუმცა ინტენსივობის ხარისხი არ იყო მაღალი. ჩვენი სკოლის მაგალითზე, აქტიურად ვცდილობთ, სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს სოციალური ქსელების გამოყენებით მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თუ ინსტრუქცია Microsoft-ის რამდენიმე პროდუქტის დასანერგად. გარკვეულ დონეზე, უკვე შესაძლებელია ამ პროდუქტებით სარგებლობა და მოხმარების არეალიც ნელ-ნელა ფართოვდება. პარალელურ რეჟიმში, სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებით, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მოსწავლეთა მშობლებს აქვთ აქტიური კომუნიკაცია.

 

მოსწავლეებთან სოციალური ქსელებით კომუნიკაციის და ინფორმაციის სწარაფად გაცვლის გამოცდილება თითქმის ყველა მასწავლებელს აქვს, მაგრამ სწავლა-სწავლების პროცესისთვის ნაკლებად გამოიყენებოდა.

 

🔸 მოცემულ მდგომარეობაში გამოვყოფ სამ ძირითად პრობლემას:

  1. ყველაზე უფრო მტკივნეულ პრობლემად აღვიქვამ სოციალური სეგრეგაციის საფრთხეს და ახლა, ამ მიმართულებით, სკოლის შესაძლებლობები მინიმალურია.
  2. ინტერნეტზე წვდომის, ინტერნეტით სარგებლობისთვის მოწყობილობების ქონის და მათი მდგომარეობის, აგრეთვე, მოწყობილობებით სარგებლობის უნარ-ჩვევების ქონის სხვადასხვა ხარისხის პრობლემა – სერიოზული გამოწვევაა.
  3. ანგარიშგასაწევ პრობლემად ვხედავ დისტანციური სწავლების როგორც დანერგვის, ისე სწავლა-სწავლების პროცესის მიმდინარეობის ეფექტური მონიტორინგის შესაძლებლობას, რაც მიღწეული შედეგების თუ არსებული პრობლემების ობიექტური სურათის მისაღებად აუცილებელია.

 

🔸 21-ე საუკუნეში, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, დისტანციური სწავლება სრულიად მისაღები რეალობაა, თუმცა, გასათვალისწინებელია როგორც გეოგრაფიული და აკადემიური მასშტაბები, ისე სწავლებაში ჩართული პერსონების ასაკი. საუნივერსიტეტო სივრცეში დისტანციური სწავლების დანერგვა კონკრეტული მიმართულებით სრულიად რეალისტური და ეფექტიანია. რაც შეეხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, კრიტიკულ მდგომარეობაში აქაც გამართლებულად მიმაჩნია; საქართველოს მაგალითზე, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც კვალიფიციური მასწავლებლების მობილიზების სერიოზული პრობლემა გვაქვს, ვფიქრობ, დისტანციური სწავლების ფორმა, გარკვეული დათქმებით და ორგანიზებით, ყველაზე უფრო ეფექტური და ეფექტიანი იქნება სასურველი შედეგების მისაღებად.

🔸 მასწავლებლები, მოსწავლეებიც და მათი მშობლებიც სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ მათი მონდომებით, ერთმანეთის დახმარებით, ოჯახურ დონეზე მობილიზებით, სკოლის ადმინისტრაციის ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერით ანგარიშგასაწევ წარმატებას აღწევენ.

ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინტერნეტთან წვდომა, კომპიუტერული ტექნიკა და ამ მოწყობილობებით ეფექტურად სარგებლობის უნარ-ჩვევები.

🔸 რეალობაა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს არც დისტანციური სწავლების გამოცდილება აქვს და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის უნარ-ჩვევებიც სათანადო დონეზე არ აქვთ. ბუნებრივია, ამ კატეგორიის მასწავლებლები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან აქვთ პასუხისმგებლობა და შეიქმნა რეალობა, სადაც როგორც მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან, ისე სკოლების ადმინისტრაციებისგან და სახელმწიფოსგან გაჩნდა დაკვეთა და/ან მოლოდინი მათგან ამ ფორმით სერვისის მიღებისა.

არ უნდა გვქონდეს ცრუ მოლოდინი, რომ იდეალური შედეგები გვექნება, მაგრამ ამ პერიოდში, ეს ადამიანები კოლეგების, ოჯახის წევრების, სკოლის ადმინისტრაციის და მათ შორის მოსწავლეების დახმარებითაც, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევენ და გაძლიერდებიან.

🔸 სამწუხაროდ, მოცემულ რეალობაში, განათლების მიღების პროცესში თანასწორობის პრინციპის დაცვის შესაძლებლობა საფრთხის ქვეშ დგას. ეს პრობლემა ყველაზე უფრო მტკივნეულია. სერიოზულ გამოწვევად აღვიქვამ არა მარტო იმ მოსწავლეების მდგომარეობას, ვისაც მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები არ აქვს, ჩაერთოს დისტანციური სწავლების პროცესში, არამედ იმ მოსწავლეების მდგომარეობასაც, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა და მათთან კომპლექსური მუშაობა მიმდინარეობდა, მათ შორის სოციალური უნარების გასავითარებლად. ამ მხრივ, სკოლის ბერკეტები დღეს ძალიან მყიფეა, თუმცა მასწავლებლები და სპეციალური მასწავლებლები შეეცდებიან, მშობლების ჩართულობით, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული მითითებები მისცენ მოსწავლეებს; გასათვალისწინებელია, რომ ყველა მოსწავლეს წიგნები სახლში აქვს და მშობლების თანამონაწილეობით შესაძლებელი იქნება გარკვეული აქტივობების განხორციელება.

სოციალური სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად უდავოდ პოზიტიური, დროული ინიციატივაა სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი – „ტელესკოლა“. პასუხისმგებლიანი მშობელი, ამ პროექტის ფარგლებში აქტიურობითაც, შეუწყობს ხელს მისი შვილის განვითარების დინამიკას.

🔸 მოზარდთა განვითარების პროცესში მშობელთა ჩართულობის როლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია; განსაკუთრებით ახლა, როდესაც მოსწავლესთან ელემენტარულ დონეზე კომუნიკაციაც, მშობლის ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელია. ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში, მოსწავლე სკოლაში ყოფნის პერიოდში, დროებით, ასე თუ ისე, დისტანცირებულია ოჯახის კულტურულ-სოციალური მოცემულობიდან და შესაბამისად, მასწავლებლის ბერკეტები უფრო მყარია და პასუხისმგებლობის ხარისხიც მაღალი. იმ რეალობაში, რომელშიც ახლა ყველა აღმოვჩნდით, მოსწავლეთა მშობლების პასუხისმგებლობის წონა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან ოჯახში მყოფ მოზარდებს ხელი უნდა შეუწყონ არა მხოლოდ ორგანიზებული კულტურულ-სოციალური რეალობის შექმნით, არამედ აქტური მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერითაც. ასეთ რეალობაში ცხოვრება ზრდასრული ადამიანებისთვისაც ძალიან რთულია და მოზარდებისთვის – კიდევ უფრო რთული!

🔸 დისტანციური სწავლების მეტ-ნაკლებად ხარისხიანად დანერგვა შესაძლებელია, თუ:

♦ მივიღებთ რაციონალურ-რეალისტურ გადაწყვეტილებებს;

♦ ვიქნებით პასუხისმგებლიანი და სოლიდარული;

♦ ვიმოქმედებთ აქტიურად და გავუზიარებთ გამოცდილებებს;

♦ არ შევუშინდებით პრობლემებს და არ დავკარგავთ იმედს;

♦ დავიცავთ უსაფრთხოების ნორმებს და ამით გავუფრთხილდებით ერთმანეთის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი