რას ურჩევს თამაზ ჯოლოგუა აბიტურიენტებს

722

აბიტურიენტების შეკითხვებს ლიტერატურის გამოცდასთან დაკავშირებით ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი თამაზ ჯოლოგუა პასუხობს. გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს

მაინტერესებს, თემისთვის განკუთვნილი ადგილი გაიზარდა? ესე ამოღებულია და მისთვის გამოყოფილი ადგილიც დაემატა?

–   დიახ, გაიზარდა. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ:
https://naec.ge/#/ge/post/1840

ენობრივ სტილსა და თავისებურებებში კონკრეტულად რა იგულისხმება?

– მწერლის ენისა და სტილის თავისებურებებში იგულისხმება მწერლის თხრობის ინდივიდუალური მანერა და კონკრეტული ტექსტის მხატვრულ-გამომსახველობითი თავისებურებები.

ტექსტის რედაქტირებაში სწორი ფორმა ასევე სწორი ფორმით რომ შევცვალოთ, ქულა დაგვაკლდება (მაგალითად, რომ ეწეროს „ეჭვის თვალით უყურებდა“ და ჩვენ რომ დავწეროთ „ეჭვით უყურებდა“)?

– თუ აზრი შინაარსობრივად არ შეიცვლება, ქულა არ დაგაკლდებათ. თქვენ მიერ დასახელებულ მაგალითშიც ქულა არ დაგაკლდებათ.

ესე და თემა მინიმალურად რამდენსიტყვიანი უნდა იყოს? ასევე, აუცილებელია თემისა და ესეს წერის დროს სათაურიც დავწეროთ?

– 120 სიტყვაზე ნაკლები თუ იქნება, ნაშრომი ენობრივად არ გასწორდება. რაც შეეხება სათაურს, თხზულების დასათაურება აუცილებელი არ არის.

ტექსტის ანალიზში ტექსტის მხატვრულ მხარესა და ავტორის სტილზე მსჯელობისას რა უნდა გავითვალისწინოთ? გასაგებია, რომ მხატვრულ ხერხებს ამოვიწერთ ორ-სამს და სხვა?

–  საჭიროა ადრინდელზე მეტი ყურადღება მიაქციოთ მწერლის ინდივიდუალურ სტილს. მოცემულ კრიტერიუმში ქულათა რაოდენობის გაზრდა სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული.

-ესეს წერისას რას გვირჩევთ, შესავალშივე მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, თუ ნელ-ნელა მსჯელობას წავყვეთ და მივიდეთ დასკვნამდე? ასევე, მაინტერესებს, კონტრარგუმენტი აუცილებელია? და თუ ექცევა მას ყურადღება გასწორებისას?

– ყურადღებით წაიკითხეთ დავალების პირობა, რომელიც გიკარნახებთ კონტრარგუმენტის აუცილებლობას. რაც შეეხება მსჯელობის აგებას, ეს თქვენი გადასაწყვეტია (აქ წინასწარ განსაზღვრული სტანდარტი არ არსებობს).

 რამდენი პარალელის მოყვანაა საჭირო მხატვრულ ანალიზში, რომ დაიწეროს მაქსიმალური ქულა ზოგადი განათლების ნაწილში?

– პარალელთა რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ მოიყვანოთ იმდენი პარალელი, რამდენსაც თქვენი მსჯელობა მოითხოვს.

 რედაქტირებაში მითითებული იქნება ზუსტი ქულა, რომელიც შეცდომების რაოდენობას შეესაბამება?

– არა, არ იქნება მითითებული.

– ლიტერატურული ესეს ამოღება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ კითხვები გართულდება და ანალიზს მკაცრად გაასწორებენ?

– საკითხები გართულებული არ არის და ნაშრომიც ჩვეულებრივად გასწორდება.

ესე რა შემთხვევაში არ სწორდება ქართულ ენაში?

ესე არ გასწორდება, თუ მხოლოდ სამი-ოთხი წინადადებაა ან ნაწერი არ იკითხება. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ აბიტურიენტი დაწერს საკუთარ სახელსა და გვარს ან დასვამს ნებისმიერ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

თუ, ვთქვათ, რედაქტირებაში გავასწორე „იქნა მოპოვებული“ და დავწერე „მოიპოვეს“, ქულა დამაკლდება? 

– ქულა არ დაგაკლდებათ, რადგან „მოიპოვეს“ სწორი ფორმაა.

ლიტერატურის გამოცდის კითხვები წელსაც იმავე ტიპისა და სირთულისა იქნება?

– დავალებების ტიპი და სირთულე წელს არ შეცვლილა. სიახლეებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხ. აქ:https://naec.ge/#/ge/post/1840

 

დატოვეთ კომენტარი