პროფესიული სტუდენტები პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ

432

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, მარნეულის კოლეჯის იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მუშაობდნენ, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ მადლიერება და პატივისცემა გამოხატა კოლეჯის სტუდენტების მიმართ, ხაზი გაუსვა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და ზოგადად პროფესიული განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში.
„დღეს პროფესიულმა განათლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია შექმნას უდიდესი ღირებულება საზოგადოებისთვის, მას შეუძლია გაზარდოს გმირები, მის წიაღში შეიძლება არსებობდნენ საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი, დასაყრდენი ადამიანები და ეს დღეს სახეზე გვაქვს ჩვენი ახალგაზრდების სახით“- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დროს, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა კლინიკებში მარნეულის კოლეჯის პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები სიცოცხლის რისკის ფასად, მედპერსონალთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ.

მინისტრის მოადგილესთან ერთად ღონიძიებაში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 10 აგვისტომდე მიმდინარეობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია. მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ვებგვერდზე ➡ https://vet.emis.ge/.

დატოვეთ კომენტარი