პროფესიული განათლების 2515 მასწავლებელს საათობრივი ანაზღაურება გაეზრდება

871

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე პროფესიული განათლების მასწავლებელთა სახელფასო ზრდა დააანონსა. პრემიერის განცხადებით: „პროფესიული განათლების ნაწილში განათლების სამინისტრომ წარმოადგინა საკითხი, რომლის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და პედაგოგებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და მათი საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 1800 ლარი გახდება. ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საშუალო განათლების კომპონენტი გახლავთ. დღეს, უკვე 2020 წლიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც ჩვენი პრობლემების გადალახვის საფუძველი უნდა გახდეს როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩვენ შრომის ბაზარზე გვაქვს“.

პროექტი სხდომაზე განსახილველად მიხეილ ჩხენკელმა წარადგინა.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების 2515 მასწავლებელს გაეზრდება ანაზღაურება.

პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება. რეფორმის ფარგლებში პროფესიული განათლების მასწავლებლებს ანაზღაურება, ჯერ კიდევ 2019 წელს, 11 ლარამდე გაეზარდა, ხოლო ამჟამინდელი ცვლილების შედეგად ერთი საათის ანაზღაურება (საბაზო) 15 ლარის ოდენობით განისაზღვრება. აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით. ეს ცვლილება პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორიდან, წარმოებიდან პროფესიონალი კადრების მოზიდვის საშუალებას იძლევა.

მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე. მათი საშუალო თვიური ანაზღაურება, სრული დატვირთვის შემთხვევაში, ამჟამად, 1300 ლარს შეადგენს, ხოლო ზრდის შემთხვევაში, დაახლოებით, 1800 ლარს მიაღწევს.

აღსანიშნავია, ასევე, რომ სამინისტრო, დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკთან ერთად, მუშაობს „პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელის“ შექმნაზე, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ მასწავლებელთა ანაზღაურების შემდგომი ზრდა განპირობებული იქნება სწორედ აღნიშნული მოდელის ფარგლებში მასწავლებელთა კვალიფიკაციით, გამოცდილებითა და პედაგოგიური მიღწევებით. ახალი მოდელის დანერგვა დაგეგმილია 2020 წლის ბოლოს.

ბოლო წლებში, დამსაქმებლების ჩართულობით, მომზადდა/გადამუშავდა 100-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. ახალი პროგრამები ხელს უწყობს კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების უზრუნველყოფას და დაფუძნებულია სტუდენტთა პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, როგორც კოლეჯში ასევე საწარმოში, რეალურ სამუშაო გარემოში.

აღნიშნული მიდგომის რეალიზაციისათვის, პროფესიული განათლების მასწავლებელი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს და განსაკუთრებით მოთხოვნადია სწორედ პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობის სტიმულირება.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დაინერგა ახალი მოდულური პროგრამები, რომელიც თავისთავად გულისხმობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც პროფესიული განათლების მასწავლებელთა მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს.

რეფორმის პარალელურად, აქტიურად დაიწყო პროფესიული განათლების მასწავლებელთა შესაძლებლობების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო წლებში მასწავლებლები გადამზადდნენ პედაგოგიური უნარების, სტუდენტთა შეფასების ახალი მიდგომების, ინკლუზიური სწავლების მიმართულებით, ასევე სპეციალური ტრენინგები ჩატარდა, რეალურ სამუშაო გარემოში.

2013 წლიდან დღემდე პროფესიული განათლების განვითარებისთვის სახელმწიფომ, ჯამში, 300 მილიონზე მეტი გამოყო.

დატოვეთ კომენტარი