პროექტის ფილოსოფია მასწავლებლების მოტივაციაზე დგას და არა იძულებაზე

507
დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სკოლებს უტარდებათ ონლაინტრენინგები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით და იმ მასწავლებლებს, რომლებიც სახლიდან ვერ ერთვებიან, დირექტორი და სასწავლო ნაწილი სკოლაში მისვლას და იქიდან ჩართვას სთხოვენ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე თუკი რაიმე   ხორციელდება, ეს ყველაფერი მხოლოდ მოხალისეობრივად  კეთდება მათთვის, ვინც დახმარების საჭიროებას გამოთქვამს.

მარიამ ჩიქობავა: „ვინაიდან „ახალის სკოლის მოდელის” ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებაა სწავლა-სწავლების პროცესში, ცხადია, ამ პროექტის მონაწილე მასწავლებლები ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდნენ შექმნილ ვითარებაში. გარდა ამისა, ჩვენი ქოუჩების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიების ქოუჩების, სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მოხალისეობრივად ეხმარებიან ასობით სხვა მასწავლებელსაც სამინისტროს მიერ შეთავაზებული Microsoft Office 365-ის ინსტრუმენტების გამოყენებაში.

სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში ტარდება სავალდებულო ტრენინგები დისტანციურ სწავლებაზე და მასწავლებლებს აიძულებენ მასში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, რაც აიძულებს პედაგოგებს სკოლებში მისვლას:

1. არანაირი ტრენინგი არ მიმდინარეობს დისტანციურ სწავლებაზე (გარდა იმ შეთავაზებული სერვისისა, რაც ზევით აღვნიშნე);
2. დაგეგმილი იყო ონლაინ ტრენინგი ინგლისურში, რომელიც არ იყო სავალდებულო. მეტსაც გეტყვით, ეს ტრენინგი მაშინ უნდა ჩატარებულიყო, როცა არც სიტუაცია იყო გამწვავებული და მით უფრო – არც საგანგებო გამოცხადებული და მაშინაც კი, არასავალდებულო იყო. ხაზგასმით ვამბობ – არასავალდებულო. მით უფრო, ახლა არავინ სთხოვს პედაგოგებს მასში მონაწილეობას. ვინაიდან იყო სურვილი, რომ ტრენინგი მაინც ჩატარებულიყო, ცხადია, ასეთ სურვილზე ჩვენ უარს არავის ვეტყოდით.

ამდენად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ თუ ამ ეტაპზე რაიმე ხორციელდება, ეს ყველაფერი მხოლოდ მოხალისეობრივად და მათთვის, ვინც დახმარების საჭიროებას გამოთქვამს.

თუ რაიმე დაიგეგმება, ცხადია, არსებული მდგომარეობისა და ჩართული სკოლების პედაგოგების შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება. ეს პროექტი ჩვეულ რეჟიმში არ იყო სავალდებულო სკოლებისთვის და მით უფრო ახლა. პროექტის ფილოსოფია მასწავლებლების მოტივაციაზე დგას და არა იძულებაზე.

ახლა, როცა ისედაც დაძაბული სიტუაციაა, ყველას გთხოვთ, რომ ინფორმაცია გადაამოწმოთ, სანამ რაიმეს გაავრცელებთ.”

დატოვეთ კომენტარი