პრაქტიკოსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის დეტალები

3476

 

დღევანდელი მონაცემებით, სისტემაში ჯერ კიდევ 13 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, რომელიც პროფესიაში დარჩენას მხოლოდ სტატუსის ამაღლებით შეძლებს. სამინისტრომ მათ ამისთვის კიდევ ერთი შანსი ზაფხულში დაგეგმილი გამოცდებით მისცა. რა იგეგმება მათი კარიერული წინსვლის გზაზე ან შეძლებენ თუ არა, გამოცდის გარდა, სხვა აქტივობებით კრედიტების დაგროვებას – ამ დეტალებზე გვესაუბრება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ბარაბაძე.

როგორც ცნობილია, პრაქტიკოს მასწავლებლებს ზაფხულში კიდევ ერთხელ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების საშუალება, შეძლებენ თუ არა ისინი ამ პერიოდში, გამოცდის გარდა, სხვა აქტივობებით კრედიტების დაგროვებას? იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება მათ საფეხურებრივ წინსვლაში?

– გამოცდის ნაწილში პრაქტიკოსებისთვის სამომავლოდ არაფერი შეიცვლება, ერთად-ერთი ცვლილება შეეხება შიდა შეფასების მექანიზმებს. რეალურად, შიდა შეფასების მექანიზმი წყვეტს ფუნქციონირებას, შესაბამისად, აღარ იარსებებს ე.წ. შეფასების ჯგუფი, რომელიც კრედიტებს ანიჭებდა მასწავლებლებს.

სქემაში სამომავლო ცვლილებაც სწორედ ამას შეეხება, რათა გაუთავებელი სოციალური პროექტები და მსგავსი აქტივობები (თავისთავად, ასეთი აქტივობების განხორციელება ცუდი არ არის) მარათონად არ იქცეს. ამიტომ, მასწავლებლები ასეთ აქტივობებში კრედიტებს ვეღარ მიიღებენ.

რაც შეეხება კრედიტების დაგროვების სისტემას, ჯერჯერობით, ისევ ძალაში დარჩება, რადგან პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 19 კრედიტი უნდა დააგროვოს, რომ უფროსი მასწავლებელი გახდეს. ამიტომ, ახლა მას დარჩენილი კრედიტების შევსება მხოლოდ გარე მექანიზმებით მოუწევს – გამოცდის ჩაბარებით და ტრენინგის წარმატებით გავლით, რომელსაც 15 თებერვლიდან გამოვაცხადებთ.

სისტემაში სულ 13 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათ ექნებათ საშუალება, 5 კრედიტის ფარგლებში, გაიარონ ტერნინგ-კურსი, პროფესიულად განვითარდნენ და ამ გზით აიმაღლონ კვალიფიკაცია. თუმცა, ტრენინგის გავლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არაფერი მოეთხოვებათ.

შიდა მექანიზმებით, ჩვენი მხრიდან, ხარისხის მონიტორინგი ვერ ხერხდებოდა, ეს რეალურად რთულია. ამას სრულფასოვნად ვერც ტრენინგებით შევძლებთ, მაგრამ ტრენინგებით მათ პროფესიულად განვავითარებთ, გარკვეულ ცოდნას შევძენთ. ბუნებრივია, მათ კრედიტებს მხოლოდ ტრენინგზე დასწრებით არ მივცემთ, უნდა იმეცადინონ, ისწავლონ და, წარმატებით გავლის შემთხვევაში, კრედიტსაც მიიღებენ. გარდა ამისა, გარკვეულწილად, მათ ეს ყველაფერი გამოცდების ჩაბარებაშიც დაეხმარებათ. ამით, კიდევ ერთხელ მიეცემათ პროფესიაში თავის დამკვიდრების შანსი.

– ტრენინგები ნებისმიერი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვისაა გათვალისწინებილი თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც რამდენიმე კრედიტი აქვს შესავსები?

– ნებისმიერ პრაქტიკოსს შეუძლია გაიაროს ტრენინგი, მათ შორის იმ პედაგოგებსაც, ვისაც ჯერ არც ერთი გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული. მაგალითად, თუ გამოცდაში 7-7 კრედიტს მიიღებენ, ანუ კომპეტენციის 50%-ან დადასტურებას შეძლებენ, თავისუფლად შეუძლიათ 5-კრედიტიანი ტრენინგის გავლა და სტატუსის ასამაღლებლად საჭირო 19 კრედიტის შევსება.

– შესაძლებელია თუ არა, ამ პერიოდში, სრულად მოიცვათ 13 ათასივე პრაქტიკოსი პედაგოგი, თუკი ყველა გამოთქვამს ტრენინგის გავლის სურვილს?

– რა თქმა უნდა, ეს არ არის ის რაოდენობა, რომ ვერ შევძლოთ მათთვის ხუთკრედიტიანი ტრენინგის ჩატრება.

– ტრენინგები მხოლოდ საგნობრივი მიმართულებებისთვის იქნება თუ პროფესიულისთვისაც და როგორ განისაზღვრება კრედიტების რაოდენობის მინიჭება?

– ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით იქნება: საგნობრივი მიმართულებით – 5 კრედიტის ფარგლებში, პროფესიული უნარების მიმართულებით – 2-3 კრედიტის ფარგლებში. ამიტომ, ზოგს შეეძლება საგნობრივი აირჩიოს, ზოგს – პროფესიული ან ორივე ერთად, გადაწყვეტილებას კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებენ. ბუნებრივია 13 ათასივე პედაგოგს არ სჭირდება ხუთივე კრედიტი, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ 1 ან 2 კრედიტი აკლდება, შესაბამისად, მხოლოდ 1 ან 2-კრედიტიან ტრენინგს აირჩევენ.

რაც შეეხება შეფარდებას – 25 საათი უდრის ერთ კრედიტს, აქ შედის როგორც საკონტაქტო, ისე არასაკონტაქტო საათების რაოდენობა. ერთი კრედიტის ფარგლებში, ორდღიანი (6-6-საათიანი) ტრენინგი იქნება საკონტაქტო, ხოლო 13 საათი – არასაკონტაქტო.

კრედიტების დაგროვება მათ სექტემბრამდე, უფრო სწორად, აგვისტოს შუა რიცხვებამდე უნდა დაასრულონ, რათა ჩვენ მოვასწროთ შემოწმება და, სასწავლო წლის დაწყებამდე, ერთი თვით ადრე, სკოლისთვის ცნობილი გახდეს, გამოაცხადოს თუ არა ვაკანსია, შესაბამისად, მოასწროს ახალი სასწავლო წლისთვის მომზადება.

– სად შეუძლიათ მასწავლებლებს ტრენინგის გავლა?

– მასწავლებელთა სახლის მიერ შეთავაზებული ტრენინგები ჩატარდება როგორც ადგილებზე, ისე რაიონებში. რეგისტრაციის დროს, მათ უნდა მიუთითონ რომელ რაიონში სურთ ტრენინგის გავლა. რა თქმა უნდა, თუკი ჯგუფები შეივსება და მსურველები იქნებიან, ადგილზე ჩავა ტრენერი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ჯგუფი არ დაკომპლექტდება, მათ ალტერნატიულად შევთავაზებთ ტრენინგის რაიონულ ცენტრში გავლას.

– 2020 წელს ძალაში რჩება თუ არა პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების გაფორმება?

– პრაქტიკოს მასწავლებელს, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისამდე, სრული უფლება აქვს, ისარგებლოს შვებულებით, ჩააბაროს გამოცდა, გაიაროს ტრენინგი და შეიცვალოს სტატუსი, მაგრამ თუ ის, ამდენი ძალისხმევის მუხედავად, ვერ შეძლებს სტატუსის მოპოვებას, მაშინ უნდა მიხვდეს, რომ გზა დაუთმოს ისეთ ადამიანს, ვისაც მეტი კომპეტენცია და სტატუსი აქვს. სკოლა ვალდებულია, ახალი სასწავლო წლიდან, უსტატუსო მასწავლებლის ადგილზე ვაკანსია გამოაცხადოს, თუმცა, თუ მსურველი არ გამოჩნდება (ბუნებრივია, საუბარია კვალიფიციურ კადრზე და არა უსტატუსო მასწავლებლზე), რაღა თქმა უნდა, დროებითი ხელშეკრულება შეუძლია გაუფორმოს მას, თუმცა, ვაკანსია ძალაში რჩება.

– რამდენი მასწავლებელია, იმ 13 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, ვისაც არც ერთი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული?

– 6 ათას მასწავლებელს არც ერთი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, 1000-მდე პედაგოგს ორივე გამოცდა აქვს ჩაბარებული, ხოლო თითო-თითო გამოცდა – 6 ათას პედაგოგს. მოგეხსენებათ, რომ სატატუსის ასამაღლებლად კომპეტენციის დადასტურება აუცილებელი პირობაა.

– რამდენი მასწავლებელია სქემაში უფროსის სტატუსით ჩართული და როგორ შეძლებენ ისინი სტატუსის ამაღლებას?

– დღევანდელი მონაცემით, სქემაში ჩართულია 35 ათასამდე უფროსი მასწავლებელი, თუმცა, მათგან ყველა წამყვანის სტატუსის მომლოდინე ვერ იქნება, წამყვანის სტატუსს ის 4500 პედაგოგი ელოდება, ვინც ამ სასწავლო წელს გარე დაკვირვებაზეა დარეგისტრირებული. დაახლოებით, სამი ათასამდე, ალბათ, სექტემბრიდან დარეგისტრირდება. ჩვენ შეღავათი გავუწიეთ იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც, სექტემბრის მდგომარეობით, 13 კრედიტქულა დააგროვეს (განხორციელებული ჰქონდათ ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა). ცენტრის დირექტორის ბრძანების თანახმად, ასეთ მასწავლებლებს საშუალება მიეცათ, 1 დეკემბრამდე, აეტვირთათ მეორე სავალდებულო აქტივობა – სამოდელო გაკვეთილი ან კვლევა და ამით შეევსოოთ გარე დაკვირვების რეგისტრაციისთვის საჭირო 15 კრედიტი. ყველა ის პედაგოგი, რომელიც ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს (კვლევები გადამოწმდება), სექტემბერში, გარე დაკვირვების რეგისტრაციაში ჩაერთვება.

ვინც ახლა აიმაღლა სტატუსი, ბუნებრივია, უნდა დაელოდოს მასწავლებლის რეგულირების წესის ამოქმედებას ისევე, როგორც მენტორობის მსურველი წამყვანი მასწავლებლები ელოდებიან.

– როდის დამტკიცდება მასწავლებლის რეგულირების ახალი წესი?

– ჩვენგან უკვე ინიცირებულია ორი დოკუმენტი: ერთი – კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების სქემა; მეორე – პროფესიაში შესვლის წესი (174-ე ბრძანება). რა პერიოდში მოხდება ინიცირებული ცვლილებების განხილვა და დამტკიცება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი