მშვილდოსნობა პოსტპანდემიურ პერიოდში – ღია სივრცის სპორტულმა სახეობამ შეჯიბრება განაახლა

261

მშვილდოსნობა სპორტის ის ერთ-ერთი იშვიათი სახეობაა, რომელიც პოსტპანდემიურ დროში აქტიურად შეუდგა საქმიანობას – ჩაატარეს რამდენიმე შეჯიბრება და სასწავლო-საწვრთნელი შეკრება როგორც უფროსებში, ასევე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ მშვილდოსნობა ღია სივრცის სახეობაა და არა – დარბაზის, რის გამოც აქ სათანადო რეკომენდაციების დაცვა გაცილებით იოლია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიმდინარე სეზონი მშვილდოსნობაში ოფიციალურად შეწყდა და ჩუბინები მხოლოდ შიდა შეჯიბრებებზე არიან ორიენტირებულნი.

ამ დღეებში ახალგაზრდა და ჭაბუკმა მშვილდოსნებმა, თბილისში, ორი შეჯიბრება გამართეს – საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი. ორივე ამ შეჯიბრებას დიღომში მდებარე პარასპორტის ბაზამ უმასპინძლა.

ორივე ტურნირში თბილისის, აჭარისა და მარნეულის გუნდები გამოდიოდნენ, თუმცა ობიექტურ მიზეზთა გამო მეორე შეჯიბრებაში – საქართველოს თასზე რამდენიმე მონაწილე არ გამოვიდა, რამაც მონაწილეთა არცთუ მრავალრიცხოვანი სია კიდევ უფრო შეამცირა. მაგალითად, გოგონებში, ახალგაზრდებში სულ 3 მონაწილე იყო დარეგისტრირებული და იმათგანაც თასის გათამაშებას ერთი გამოაკლდა.

ორივე შეჯიბრება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და კონკურენცია დიდი იყო, თუმცა პირველ მათგანში – საქართველოს ჩემპიონატში – შედარებით უკეთესი შედეგები მივიღეთ. აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდები 70, ხოლო ჭაბუკები 60-მეტრიან დისტანციაზე ისროდნენ.

ორივე ტურნირში განსაკუთრებულ ინტერესს ახალგაზრდა ბიჭების გამოსვლა იწვევდა, რადგან ამ ასაკში ქვეყნის ნაკრების ყველა წევრ-კანდიდატი გამოდიოდა. მათი უმეტესობა აჭარიდანაა, ანუ თანაგუნდელები არიან, თუმცა ამჯერად მათ დავაში წარმატებით ჩაება ჭაბუკთა ნაკრებიდან ახალგადმოსული თბილისელი თემურ მაკიევიც, რომელსაც მამა – გია მაკიევი ავარჯიშებს. მან საქართველოს თასზე გაიმარჯვა კიდეც, ჩემპიონატში კი პირველობა ბათუმელმა საბა გათენაძემ იზეიმა, მან ნელ-ნელა გადაიბარა ლიდერობა ანრი ბასილაძისგან. თავის მხრივ, ბასილაძემ ორი მედალი მოიპოვა, ანუ ორივე შეჯიბრებაში პრიზიორთა შორის მოხვდა.

ჭაბუკებში, გოგონებში ყურადღება მარნეულელმა სალომე ხარშილაძემ მიიქცია. მარნეული ქართული მშვილდოსნობის რუკაზე ზედ პანდემიის წინ გაჩნდა და სულ რამდენიმე თვის ისტორიას ითვლის, მაგრამ წარმატებები უკვე მოიპოვეს. ხარშილაძე პერიოდულად თბილისში კი ჩამოდის სავარჯიშოდ, თუმცა ძირითადად მაინც რეგიონში ემზადება, მისი მიღწევა კი იქ მშვილდოსნობის წარმატებისთვის კარგი ბიძგი უნდა აღმოჩნდეს.

ხარშილაძემ გაიმარჯვა ორივე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპში და თანაც ჩემპიონატში საკმაოდ კარგი შედეგი – 600 ქულა მოინადავლა. ის პლეი ოფებშიც შესანიშნავად გაისარჯა და სულ ცოტა დააკლდა ორ ოქრომდე – საქართველოს ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ თასის ფინალში თბილისელ ლალი მწყერაშვილთან დამარცხდა.

ასპარეზობა ამ ასაკის ბიჭებშიც საინტერესოდ წარიმართა, თუმცა – გარდამავალი უპირატესობით, მაგრამ ეს სამომავლო კონკურენციისთვის კარგიცაა, რადგან რამდენიმე პერსპექტიული მოზარდი გამოიკვეთა.

6 სექტემბრიდან ამ ორი ტურნირის მედალოსნები ბათუმში გაივლიან შეკრებას ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად, რაც მათთვის კიდევ უფრო დიდი სკოლა იქნება. 

საქართველოს ჩემპიონატიახალგაზრდები

ბიჭები ➡️ 1. საბა გათენაძე; 2. ანრი ბასილაძე (ორივე – აჭარა); 3. თემურ მაკიევი (თბილისი).

გოგონები ➡️1. ნინო ევგენიძე; 2. ლინდა ხალვაში (ორივე – აჭარა); 3. ანი გელდიაშვილი (თბილისი)

ჭაბუკები

ბიჭები ➡️1. გიგა ჭინჭარაული (თბილისი); 2. სანდრო მაჭავარიანი; 3. ნიკა ტეფნაძე (თბილისი)

გოგონები ➡️ სალომე სალომე ხარშილაძე (მარნეული); 2. მარიამ მახარაშვილი; 3. ქეთი შაველაშვილი (ორივე – თბილისი).

საქართველოს თასი ახალგაზრდები

ბიჭები ➡️ 1. თემურ მაკიევი (თბილისი); 2. ანრი ბასილაძე; 3, საბა გათენაძე (ორივე – აჭარა).

გოგონები ➡️ ლინდა ხალვაში (აჭარა); 2. ანი გელდიაშვილი (თბილისი).

ჭაბუკები

ბიჭები ➡️ 1. თემურ ჯინჭარაძე (აჭარა); 2. სანდრო მაჭავარიანი; გიგა ჭინჭარაული (ორივე – თბილისი).

გოგონები ➡️ 1. ლალი მწყერაშვილი (თბილისი); 2. სალომე ხარშილაძე (მარნეული); 3. თათა ნავერიანი (თბილისი).

ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი