მსოფლიო ლიტერატურის გადააზრება – შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს 2022 წელს თსუ უმასპინძლებს

459

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2022 წელს, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებენ. ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა, გასულ წელს კი მას მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა.

2022 წლის კონგრესის თემაა „მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები“. კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ვორკშოპების და თემატური შეხვედრების ჩატარებას, მათ შორის, შეხვედრებს ქართველ ლიტერატორებთან და კრიტიკოსებთან, ქართველ მწერლებთან, ასევე ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორებთან. მწერალი და პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად. „დღესდღეობით თუ რამე გვჭირდება, ეს არის დამკვიდრება დასავლურ სივრცეში. სივრცეებში ჩვენ თანაბარი ვართ დასავლეთთან, მის კულტურასთან, სახელმწიფოებთან, მაგრამ დაე, ეს იყოს თვალსაჩინო და ჩვენ ვიდგეთ არა დასავლეთის კართან, არამედ უშუალო მონაწილე გავხდეთ ამ პროცესებისა“ – აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს. „კონგრესის თბილისში ჩატარება ნიშნავს იმას, რომ 2022 წელს ქართული ლიტერატურული წრეებისთვის შესაძლებელი გახდება ქართული მწერლობის წარდგინება, კვალიფიციური, პროფესიული წარდგინება მსოფლიო კრიტიკის წინაშე. ეს ნიშნავს იმას, რომ კონგრესის დასრულების შემდეგ ქართულ მწერლობაზე დაწერენ საუკეთესო, ყველა რეგალიების მქონე სამეცნიერო ჟურნალები და არა მარტო სამეცნიერო ჟურნალები, სხვადასხვა გამოცემები.“

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ როდესაც უნივერსიტეტმა და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა პირველად წარადგინა განაცხადი, განწყობა ძალიან სკეპტიკური იყო. თუმცა, ყველაფერი დადებითად დასრულდა. „ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც არის ნამდვილად მოსალოცი ფაქტი ორი რამის გამო: ერთი, რომ სამეცნიერო კუთხით ეს ნამდვილად უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, როცა პირველად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ასეთ პატარა ქვეყანაში. მეორე – მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ესწრება, მინიმუმ, 2000 მონაწილე, არის მშვენიერი შესაძლებლობა ქვეყნის და ქვეყნის ლიტერატურის პოზიციონირებისთვის,“ – განაცხადა რექტორმა.

ღონისძიების მონაწილე იქნება „შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია”, რომლის პრეზიდენტის, გაგა ლომიძის განცხადებით, კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის, საქართველომ გაიმარჯვა.

კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 20 მაისს გაფორმდება, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი შერმან უილკოქსი მოაწერენ ხელს.

კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი