მსოფლიო ბავშვთა დღე კორონავირუსის პანდემიის ფონზე

152

მსოფლიოს ბავშვთა დღე, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, წელს, განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა – ღონისძიებებისა და აქტივობების უმეტესობამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისა და მომავლის გადახედვის შესაძლებლობა მისცა.

ეთნიკური უმცირესობის ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა, იუნისეფის სხვა პროფესიონალებთან ერთად, მსოფლიოს ბავშვთა დღე ახალქალაქში აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ქალაქში. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ამ რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდნენ და განიხილეს არსებული გამოწვევები და სირთულეები, ასევე სხვადასხვა იდეები, თუ როგორ გადაიჭრას არსებული პრობლემები. შეხვედრა ქალაქის მთავარ პარკში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი ნახატები და ფოტოსურათები გამოფინეს, რომელიც მათ მსოფლიოს ბავშვთა დღის აღსანიშნავად მოამზადეს თემაზე: „როგორ წარმომიდგენია ჩემი მომავალი – უკეთესი მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ“.

ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, მთავრობას მიმართავს, რომ კრიზისთან გამკლავებაში პრიორიტეტი ბავშვებს მიანიჭონ: „წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ბავშვებს ამ დღის აღნიშვნა საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ. ისინი მრავალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, გარდა უშუალოდ დაავადების რისკისა, მათ საჭირო მომსახურებებზე წვდომის შეფერხებები, გაზრდილი სიღარიბე და უთანასწორობა ემუქრებათ. სწორედ ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდი და ბავშვები მოუწოდებენ მთავრობას, შეიმუშაოს და განახორციელოს საპასუხო გეგმები და, კრიზისთან გამკლავებისას, პრიორიტეტი მიანიჭონ ბავშვებს, რომლებიც ყველაზე დაუცველი და ღარიბი ოჯახებიდან არიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს და ახალგაზრდებს, ჩავრთოთ ისინი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ბავშვებს შეიძლება ნიღაბი უკეთიათ, მაგრამ ეს მათ არ უშლით ხელს, ხმა აიმაღლონ. მოდი, ვიმუშაოთ ჩვენს ბავშვებთან და ახალგზრდებთან ერთïდ, რათა მომავალი ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იყოს “.

პანდემიის დაწყებიდან, თითქმის, ერთი წელი გადის, მაგრამ უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება ის გავლენა, რასაც ვირუსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ახდენს. სამწუხაროდ, ისინი სხვადასხვა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ – უშუალოდ დაავადების გარდა, არსებითი მომსახურებების შეფერხებით მიღების, მზარდი სიღარიბისა და უთანასწორობის საფრთხის წინაშე დგანან. ჯანდაცვის, კვების, განათლების, წყლისა და სანიტარიული მომსახურების, ასევე სოციალური და ბავშვთა დაცვის მომსახურების შეწყვეტამ, სავალალო გავლენა მოახდინა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

კორონავირუსის კრიზისი ბავშვთა უფლებების კრიზისია. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მალევე იწვნიეს ბავშვებმა, და იმ შემთხვევაში, თუ მათზე რეაგირება არ მოხდება, ეს, შესაძლოა მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ. ბავშვებსა და ახალგაზრდებს პანდემიის შედეგებით ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ და ამიტომაც აუცილებელია მათი მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც გავლენას მოახდენს მათ მომავალზე.“ – აცხადებს ღასან ხალილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩმა საქართველოში ნიკოლოზ რაჭველმა, მსოფლიოს ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ მიმართვაში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ:

მნიშვნელოვანია, პანდემიასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილებიდან ვისწავლოთ და ბავშვებისთვის უკეთესი რეალობა შევქმნათ COVID-19-ის შემდგომ პერიოდში.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიან განათლებაზე წვდომა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები და სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით. ამ პროცესში ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს და ვკითხოთ, როგორი ცხოვრება სურთ“.

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში გლობალურ კამპანიებს – „ბავშვები მართავენ“ და „ლურჯად გაანათე მსოფლიო“ შეუერთდა, რაც მსოფლიოში ჩატარებული ღონისძიებების დამაკავშირებელ ძირითად კონცეფციებად რჩება. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდები მოზარდებმა გადაიბარეს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან და ამ გვერდებზე თავიანთ ფოტოებსა და ვიდეოებს ათავსებდნენ, გვიზიარებდნენ სხვადასხვა ამბებსა და წუხილს. ხარისხიან განათლებაზე არათანაბარი წვდომა; ახალგაზრდული ცენტრების ნაკლებობა რეგიონებში; გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დგანან; სწავლების ინოვაციური მეთოდები – მხოლოდ ზოგიერთია იმ საკითხთაგან, რომელიც ბავშვებმა სოციალურ მედიაში წამოჭრეს.

„ეს დღე იუნისეფის ფეისბუქის გვერდზე ბავშვებისათვის განკუთვნილი ჩეთბოტის წარდგენით აღინიშნა, რათა ბავშვებსა და ახალგაზრდებს დავეხმაროთ, COVID-19-ის პანდემიის დროს, პრევენციის ღონისძიებებისა და მარეგულირებელი წესების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებაში მათთვის გასაგებ ენაზე. ჩეთბოტის მეშვეობით, ბავშვები ასევე ძალადობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას ვის და როგორ შეატყობინონ ძალადობის შემთხვევები. ეს გამოყენებული იქნება, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდების გადამისამართების საშუალება, შესაბამისი მომსახურების მისაღებად და დახმარების ხაზებთან დასაკავშირებლად, თუკი ამის საჭიროებï ექნებათ. ჩეთბოტი ახალგაზრდების მონაწილეობით შეიქმნა და მისი მიზანია, პასუხი გასცეს იმ შეკითხვებსა და წამოჭრილ პრობლემებს, რომელიც ბავშვთა მიერ, ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და გამოკითხვების შედეგად დაგროვდა,“ – აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

მსოფლიოს ბავშვთა დღის აღნიშვნის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდმა თხოვნით მიმართა მხარდამჭერებს, რომ სოლიდარობა გამოეხატათ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი და დაუცველი ბავშვების მიმართ და „მსოფლიოს ლურჯად განათებაში“ დახმარებოდნენ.

წელს „მსოფლიოს ლურჯად განათების“ კამპანიას სამი ქალაქი შემოუერთდა და შედეგად, თბილისის სიმბოლო – სატელევიზიო ანძა, ბათუმის ახალი სტადიონი და ქუთაისის სახელმწიფო დრამის თეატრი, 20 ნოემბერს, ლურჯად განათდა. აღნიშნული ქალაქები შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას – ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ, რითაც ვალდებულება აიღეს, ქალაქის დღის წესრიგში ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.

მსოფლიოს ბავშვთა დღე გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური დღეა, როდესაც ბავშვების მიერ ბავშვებისთვის ტარდება სხვადასხვა აქტივობა, 1989 წლის 20 ნოემბერს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების აღსანიშნავად.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი