„მომავალი განათლების და მეცნიერების ქალაქში“ მინისტრი კომაროვის სკოლის გაფართოება გეგმავს  

392

„მომავალი განათლების და მეცნიერების ქალაქი“   იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის აქტიური მშენებლობა მარტში დაიწყება“ – ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

15 ჰექტარზე განთავსებულ მომავალი განათლების ქალაქში, სადაც დასავლური სტანდარტების სახელმწიფო სკოლა იფუნქციონირებს, მინისტრი კომაროვის სკოლის გაფართოებას გეგმავს: „მომავლის ქალაქის აშენება საშუალებას მოგვცემს, გავაფართოოთ კომაროვის სკოლა, რადგან ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ნუმუში ქართული სკოლისა და, ზოგადად, განათლების. ამიტომ ჩვენ ყველანაირად შევუწობთ ხელს კომაროვს და მის მსგავს სკოლებს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ. თავისთავად, დარჩება ძველი სკოლაც, დაემატება ახალ სკოლას და გაცილებით მეტ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას, მაღალი დონის განათლება მიიღონ. კომაროვის სკოლა არა მარტო ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშია გამორჩეული, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე კვირის წინ, მსოფლიო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლა მეორე ადგილზე გავიდა, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. იმასაც გამოვარჩევდი, რომ კომაროვის მოსწავლემ მაქსიმალური ქულა მიიღო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაკაცი სპორტსმენი ჰყავს ქვეყანას, ასე ჰყავს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელსაც მაქსიმალური ქულა აქვს მიღებული საერთაშორისო შეაფასებაში.“ – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპები, მინისტრის განცხადებით, სკოლების ავტონომიზაციისა და დეცენტრალიზაციის გაძლიერებას ემყარება, რადგან ძლიერი ლიდერი-დირექტორისა და შემოქმედებითი მასწავლებლის გარეშე, შეუძლებელია რეფორმის ცენტრალიზებულად განხორციელება. სამინისტროს ფუნქციას კი სკოლების ადგილზე ხელშეწყობასა და სკოლის ბაზებზე წარმატებული მაგალითების გაჩენაში ხედავს: „ამით, ფაქტობრივად, საფუძველს ჩავუყრით მომავალში სკოლების შიდასისტემით განვითარებას“.

„დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სკოლა გვაქვს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო. მაგრამ ეს არა სისტემის, არამედ, მათი დამსახურებაა, რადგან წარმატება თავად სკოლებმა უზრუნველყვეს. ჩვენი მიზანია, გრძელვადიან და მასშტაბურ შედეგზე გავიდეთ და ასეთი სამაგალითო სკოლები, რაც შეიძლება მეტი, გაჩნდეს როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში.“ – აღნიშნა მინისტრმა.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი