მინისტრის მოადგილის ვიზიტი გორში

662

გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან და „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ ადგილობრივ ექსპერტებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს შეეხო. მინისტრის მოადგილემ მასწავლებელთა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების პირობებში, სკოლებმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე დანერგეს, დაძლიეს გამოწვევები და ღირსეულად დაასრულეს სასწავლო წელი, რისთვისაც მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

გორში ვიზიტის ფარგლებში, ეკატერინე დგებუაძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში მშენებარე თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა დაათვალიერა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო. შენობა სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის, ექნება კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.

კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა სრულდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევში. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ეკატერინე დგებუაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

პატარა მეჯვრისხევის ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 მლნ 400 ათას ლარამდე გამოყო.

სკოლა სრულად არის ადაპტირებული სსსმ მოსწავლეებისთვის. შენობაში სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობა კომპიუტერული კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით.

თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი