მილიონობით ადამიანის სიყვარული „მოვიგე“

1505

 

ქართველი მასწავლებლის „გლობალური კვირეული“ დასრულდა არა მილიონის მოგებით, არამედ ყველაზე მთავარი აღიარებით – ქვეყანას გაუჩნდა პრეტენზია, რომ,  ლადო აფხაზავას სახით  ჰყავს მასწავლებელი, რომელიც მსოფლიომ 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის აღიარა და მას „ვარკის ფონდისა“ და „გლობალური ჯილდოს“ ელჩის სტატუსი მიანიჭა. ჩვენ ახლა ჩვენი პროფესიული ელჩი გვყავს, რომელსაც წინ ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, რადგან ლადოს სერიოზული მისია დაეკისრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით უქომაგოს მასწავლებლის პროფესიას და დაარწმუნოს ლიდერები, თუნდაც საკუთარ ქვეყანაში, რომ მისი პრესტიჟის გაზრდა ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებას უტოლდება.

 

როგორი იყო წლევანდელი განათლების გლობალური ფორუმი და დაჯილდოების ცერემონიალი, ამის შესახებ „კოალიცია განათლება ყველასთვის – საქართველოს“ დირექტორი გიორგი ჭანტურია გვიყვება, თუმცა ინტერვიუს ჩაწერისას მაფრთხილებს, რომ აზრის დალაგება და შთაბეჭდილებების გადმოცემა უჭირს, რადგან ჯერ კიდევ გლობალური ცერემონიალის ეიფორიაშია.
გიორგი ჭანტურია: „ძალიან ემოციური იყო დუბაიში ყოფნის 5 დღე. რაც იქ ვნახეთ და მივიღეთ, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ყველაფერი იმედენად ემოციური და სტრესული აღმოჩნდა, რომ რაღაც მომენტებში იყო ცრემლიც და იყო სიხარულიც. საქართველოში დაბრუნებულები ჯერ ისევ ეიფორიაში ვართ.

 დაჯილდოება განათლების გლობალური ფორუმის ბოლო ნაწილია, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყველაზე მნიშვნელოვანი  თავად ფორუმია, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია – მას ესწრებოდნენ განათლების წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნის ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, აქტივისტები. მაგალითად, ალეპოდან იყო ბანა ალა ბედი, პატარა გოგო, აქტივისტი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი; სტივენ პინკერი, ჰარვარდის პროფესორი, ტონი ბლერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი – ასეთ საზოგადოებაში წარიმართა წლევანდელი ფორუმი. ჩატარდა მასტერ-კლასები, ვორქშოფები, საჯარო შეხვედრები, ინდივიდუალური კონსულტაციები. კონტაქტებისთვის ეს  საუკეთესო საშუალება იყო, ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, ბევრის მომცემი – მაქსიმალური ცოდნა და ინფორმაცია წამოგვეღო, გაგვება კავშირები, რაც საერთაშორისო ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ინტეგრაცია თავისთავად არ ხდება, სწორედ ასეთი ღონისძიებები და ფორუმები უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენთვის განათლების გლობალური ფორუმი, მაქსიმალურად ვიშრომეთ ამისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეტაპი დასრულდა, ეს არ არის დასასრული. ყველაფერი ახლა იწყება, რადგან ჩვენი ფინალისტი ლადო აფხაზავა უამრავ ღონისძიებასა და კამპანიაშია ჩართული, ის უკვე პროფესიის სახეა, პროფესიის ელჩი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით აქვს  პასუხისმგებლობა აღებული – მან გლობალურად უნდა გაუზიაროს თავისი გამოცდილება კოლეგებს მთელი მსოფლიოდან. ამ კუთხით, მისი თანამშრომლობა გრძელდება ვარკის ფონდთან, გლობალურ ჯილდოსთან.

ძალიან სასიხარულო იყო ისიც, რომ წლევანდელ ღონისძიებას ქართული დელეგაცია ესწრებოდა – ელჩი, მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მათ დაინახეს რა პრიორიტეტი აქვს ქვეყნისთვის გლობალურ ჯილდოს.

 აუცილებლად მინდა გითხრათ იმის შესახებაც, თუ რა გამოხმაურება და ემოცია მოჰყვა ლადოს პრეზენტაციას. ნახევარსაათიან პრეზენტაციაში მან შეძლო, მაქსიმალურად წარმოეჩინა ის შესაძლებლობები, რომელმაც გლობალური ჯილდოს ყურადღება მიიქცია. იგი მოუყვა დიდ აუდიტორიას, რითია გამორჩეული – პროექტული სწავლება, სათემო პროექტები, რომლითაც უამრავი რამ შეცვალა თემში, დაწყებული გზების დაგებით დამთავრებული სკოლის ეზოში ხეების დარგვით, ისაუბრა იმაზეც, როგორ იყენებს თამაშებს გაკვეთილებზე სწავლა-სწავლების პროცესში, ვიდეოც აჩვენა – „ერთი დღე ჩიბათის სკოლაში“, მერე თამაშიც ჩართო და ააცეკვა მთელი დუბაი.

ფორმატს ყოველ წელს ცვლიან. წელს ყველაზე მასშტაბური ფორუმი იყო. ამდენი ქვეყანა, მინისტრი და ადამიანი არც ერთ ფორუმში არ მონაწილეობდა. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა სამ რამეზე – პირველ რიგში, ფორუმის უმთავრეს მიზანზე, რომ მასწავლებელი მნიშვნელოვანია (ღირებულია), თანასწორობაზე – თანასწორობა განათლებაში და ტექნოლოგიებზე – მის სწორ გამოყენებაზე განათლებაში.

 იმ ხუთი დღის განმავლობაში იმდენად ბევრი ემოცია იყო, რომ ცოტა მიჭირს იმის გადმოცემა, რაც გამარჯვებულის გამოცხადებისას მქონდა. იმ მომენტში ყველა დაძაბული ვიყავით, მაგრამ მაინც ძალიან თავისუფლები, რადგან როცა ვხედავდით რა მასშტაბში გვეჭირა, ათ ფინალისტს შორის, ერთი ღირსეული ადგილი, დამერწმუნეთ, თავს ყველა გამარჯვებულად მივიჩნევდით. ფინალისტებს შორის ურთიერთობას რომ ვაკვირდებოდი, საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, მარტო კონკრეტულ მასწავლებლებს შორის კი არა, ქვეყნებს შორის გაიბა ხიდები. ბუნებრივია, ველოდით ლადოს გამარჯვებას, მაგრამ არანაირად არ გვქონია გულისწყვეტა, რომ კენიელმა მასწავლებელმა გაიმარჯვა. ერთი ძალიან საინტერესო კადრია დაჭერილი, როცა პიტერ ტაბიჩი  გამარჯვებულად გამოაცხადეს, ლადო ჰაერშია, ორივე ხელი აქვს აწეული და არის ძალიან ბედნიერი. მან, დაახლოებით, ისე გამოხატა უკვე დამეგობრებული კენიელი მასწავლებლის გამარჯვება, თითქოს თვითონ გაიმარჯვა. კონკურენტის გამარჯვების ასე ღირსეულად აღნიშვნა კიდევ ერთხელ მიანიშნებს მის პიროვნულ ღირსებაზე.

 გლობალურ ფორუმზე ხაზგასმული იყო ეროვნული ჯილდოს მნიშვნელობა, ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, უნდა გავრცელდეს ქვედა დონეებზე. უკვე 38 ქვეყანაშია ეროვნული ჯილდო დაწესებული. ძალიან საამაყოა,  გლობალურ ჯილდოზე აღნიშნეს რომ, საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული. გამოცდილება, რაც იქ შევიძინეთ, მნიშვნელოვანია ეროვნული ჯილდოს განვითარებისთვის. ჩვენს სტენდზე გამოვფინეთ წლევანდელი ეროვნული ჯილდოს მფლობელის, მანანა კაპეტივაძის ბანერი, ხოლო მეორე გამარჯვებული თავად წარდგა ფინალში მსოფლიოს წინაშე. უმნიშვნელოვანესია საზოგადოების მონაწილეობა ეროვნულ ჯილდოში და ვისაც სურვილი აქვს, 20 აპრილამდე შეუძლია წარადგინოს აპლიკაცია. სხვათა შორის, უპრეცედენტო გამოხმაურება აქვს წელს ეროვნულ ჯილდოს.

გლობალურ ჯილდოზე ჩვენ კიდევ დავბრუნდებით.“  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი ამბობს, რომ ამ მოვლენას – „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ მთავარი მიზნის გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ – მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მისი პრესტიჟის ამაღლება, რადგან დღეს პროფესიის პოპულარიზება მართლაც უმნიშვნელოვანესია.  „ეროვნული ჯილდოს პირველმა გამარჯვებულმა, ლადო აფხაზავამ ძალიან კარგად გაართვა თავი მისიას – ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო, იმ ადამიანებისთვისაც კი,   რომლებიც ნაკლებად არიან ჩართულები ამ სფეროში, საინტერესო გაეხადა განათლების თემები და გაუჩინათ ინტერესი საუბარი დაეწყოთ ამ საკითხებზე. ლადო კოლეგებს უზიარებდა გამოცდილებას და საუბრობდა მიღწევებსა და გამოწვევებზე, რითაც საკუთარი პროფესიისადმი ინტერესს მომავალ მასწავლებლებშიც აღვივებდა. ვფიქრობ, ლადო გლობალურ დონეზეც იმავეს შეძლებს -ის წარმატებულად და ღირსეულად გაართმევს თავს პროფესიის ელჩის ფუნქციას მსოფლიო მასშტაბით. 

თუკი ადრე, 2017 წელს, როცა ლადო ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მან ჩიბათი გააცნო საქართველოს, ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლადომ საქართველო გააცნო მსოფლიოს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე , მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლები ხედავენ, როგორ მოექცა მათი საქმიანობა და პროფესია მსოფლიოს ყურადღების ქვეშ, რომ სხვებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც საქართველოში რომ მასწავლებლებს უფრო მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე აქამდე ეგონათ. გლობალურმა ჯილდომ და ფინალისტი მასწავლებლების ბიოგრაფიებმა აჩვენა, რამდენად რთულია ეს პროფესია ყველა ქვეყანაში, მიუხედავად მისი მასშტაბისა და განვითარებისა.

ლადო ჩემთვის უსიტყვოდ და უდავოდ გამარჯვებულია. თუ გადავხედავთ რამდენმა ქვეყანამ მიიღო ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა და რამდენ ათეულათასობით მასწავლებელს ჰქონდა აპლიკაცია წარდგენილი, ათეულში მოხვედრა ნამდვილად გამარჯვებაა. იმ ქვეყნებსაც თუ გადავხედავთ, რომლის მასწავლებლებიც ფინალში აღმოჩნდნენ, საქართველო, მათთან შედარებით, ყველაზე პატარა ქვეყანაა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი მხრიდან, რომ საქართველოში არაერთი საინტერესო პრაქტიკა გვაქვს, რომლის შესახებაც შეიძლება მოვუყვეთ მსოფლიოსყველანაირად ვეცდებით, რომ ლადოს გვერდში დავუდგეთ, რათა   მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზება სათანადო დონეზე ავიდეს.

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე ამბობს, რომ არა ეროვნული ჯილდო და ირინა ხანთაძე, ჩვენ, ალბათ, ისევ ყურადღების მიღმა დავრჩებოდით და არც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას ეცოდინებოდა, რომ არსებობს ქვეყანა საქართველო, რომელსაც გამორჩეული მასწავლებლები ჰყავს ერთი პატარა სოფლიდან, რომელსაც ჩიბათი ჰქვია. „ეროვნულმა ჯილდომ მართლა ძალიან წამოსწია წინ მასწავლებლის პროფესია, უფრო პრესტიჟული გახადა. მასწავლებლებთან შეხვედრებისას ვიგებ, თუ როგორ იზრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ჯილდოსთან ერთად, ამ მასწავლებლებში მოტივაცია ლადოს წარმატებამაც განაპირობა. ლადოს ფინალში გასვლა მართლაც საამაყოა მთელი ქვეყნისთვის. ჩვენს ისტორიას ქართველი მასწავლებლის ასეთი გლობალური ჯილდოთი წარმოჩენა ჯერ არ ახსოვს.“

 

ესეც დაპირებული ინტერვიუ ჩვენს მკითხველს

ლადო ახლა უკვე „პროფესიის ელჩის“ (ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი) ამპლუაში გვიყვება დუბაიში მიღებულ შთაბეჭდილებებს და გვაცნობს სამომავლო გეგმებს, რაც მის ერთგვარ მისიად იქცა. ამბობს, რომ პროფესიის პოპულარიზაციისთვის ბევრი რამ უნდა გააკეთოს და ამისთვის სხვადასხვა ფონდები მოიძიოს. მასწავლებლის ყველაზე დიდმა ქომაგმა სახელმწიფოსაც უნდა უთხრას მთავარი სათქმელი – მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად უნდა დაფასდეს (ხელფასით, გარკვეული შეღავათებით), რომ ახლგაზრდებმა დაინახონ როგორ აფასებს ქვეყანა მასწავლებელს. თუმცა, ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოშია, გლობალური ჯილდოს კამპანიის დაწყების მიზეზიც ხომ ეს იყო.

ჩვენ, ელჩებს…

ჩვენ, ელჩებს პატივი გვაქვს დავესწროთ სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ ღონისძიებებსა და ფორუმებს, საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ საერთაშორისო კონფერენციებს. თუ ქართველი მასწავლებლების სურვილი იქნება, ჩვენც მოვიწვევთ, თუნდაც, ათეულის წარმომადგენელ მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

ამის გარდა, უკვე მოვიფიქრეთ საით ავიღოთ გეზი. კოალიცია „განათლება ყველასთვის –  საქართველოსთან“ ერთად დავგეგმეთ ქსელის გაფართოებაზე მუსაობა და „მასწავლებლის გლობალურ ჯილდოში“ სომხეთის ჩართვა. რადგან კოალიციამ გლობალურ ჯილდოზე აკრედიტაცია მიიღო, მას უკვე აქვს უფლება, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ არის ჩართული კამპანიაში, გააწევრიანოს გლობალურ ჯილდოში.

მე და ქალაბატონი ირინა აუცილებლად წავალთ სომხეთში და ამ იდეის ინიცირებას მოვახდენთ. თუკი იქ არ აღმოჩნდება ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მაშინ გადავინაცვლებთ აზერბაიჯანში და ა.შ. თუნდაც, ორი ქვეყანა რომ გავაერთიანოთ გლობალურ ჯილდოში, ეს უკვე ძალიან კარგი შედეგი იქნება. ამ იდეაზე უკვე ვიმსჯელეთ დუბაიში და დიდი მოწონება დაიმსახურა ჯილდოს ადმინისტრაციის მხრიდან.

როცა ქვეყნის სახელით აკეთებ რამეს

5 დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ამდენი ენერგია როგორ მქონდა, წარმოიდგინეთ, ვერ დამღალეს. ალბათ, ძალა იმანაც შემძინა, რომ იქ მხოლოდ ლადო აფხაზავას სახელით კი არა, ქვეყნის სახელით ვიყავი წარდგენილი და როცა ქვეყნის სახელით აკეთებ რამეს, თურმე საკუთარ თავში დიდ ძალას პოულობ, რაღაც გავსებს. მიხარია, რომ ეს შევძელი. ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს ქართული დროშის დახატვა ვასწავლეთ. ევროპისა   და სხვადასხვა კონტინენტის ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს დროშას თეთრ ფურცლებზე ხატავდნენ და ისე გვხვდებოდნენ დარბაზში. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი იძახდა „ჯორჯიას“, როცა ათეული შეგვიყვანეს ცერემონიალზე.  თავისთავად, ეს გაძლიერებს კიდეც და სტიმულს გმატებს მაქსიმალურად დიხარჯო შენი ქვეყნისთვის.

პიტი

პიტი მართლაც არაჩვეულებრივი მასწავლებელი და ადამიანია. იქ ყოფნის განმავლობაში ხელჩაკიდებული დავდიოდით, რადგან მაგრძნობინა, რომ მას ჩემი გვერდში ყოფნა სჭირდებოდა – ეს ადამიანი კენიიდან არც ერთ ქვეყანაში არ იყო ნამყოფი და თვითმფრინავშიც კი პირველად იჯდა. რატომღაც, გაცნობის წუთიდანვე, ერთმანეთს შევეწყვეთ, უსიტყვოდ გავუგეთ მე, ქალბატონმა ინდოეთიდან და პიტერმა. სამეული ძალიან დავმეგობრდით. ჩემთან დამშვიდობებისას ინდოელი ქალბატონი ძლივს დააწყნარეს, ისე ტიროდა. ხუთი დღის განმავლობაში კენიელ მასწავლებელზე მამა-შვილივით ვზრუნავდი, სასტუმროშიც მე მიმყავდა, ენა ბარიერს არ გვიქმნიდა, სათქმელს მაინც ვაგებინებდით ერთმანეთს. როცა ჰიუ ჯეკმანმა მისი სახელი გამოაცხადა, გულწრფელად გამიხარდა, რადგან ის ნამდვილად არის მასწავლებელი, რომელიც სჭირდება მსოფლიოს.

მხოლოდ ნიჭიერებით და განსწავლულობით შეფასება არ შეიძლება

ხშირად ვეუბნები ბავშვებს: ბავშვებო, თემა არ ვიცი კარგად და ხომ არ დამეხმარებით? არიქა, მომეჭრა თავი, დამიდექით გვერდში, ვერ ჩავატარებ მეცხრე კლასში გაკვეთილს. როცა ბავშვები გრძნობენ, რომ ლადო მასწავლებელს მათი დახმარება სჭირდება, ყირაზე დგებიან, წინა წლის მასალას იმეორებენ, თემატურსაც მიმზადებენ და გაკვეთილის დაგეგმვაშიც მონაწილეობენ. ამ მეთოდმა კარგად იმუშავა, ამიტომ, სულაც არ არის საჭირო მოსწავლეს დავანახო, რომ მე ყველაფერი ვიცი. პირიქით, ხანდახან მას უნდა სთხოვო დახმარება და უპირატესის როლში ჩააყენო, აგრძნობინო, რომ საჭიროა. ასე ავამუშავე ბევრი ისეთი მოსწავლე, რომელსაც სკოლის გაგონებაც არ უნდოდა. მათ ვთხოვდი და ვარწმუნებდი: აუ, ხვალ ხო მოხვალ, შენ რომ არ მოხვიდე ჩამეშლება გაკვეთილი. ამით   ბევრი ბავშვი დავუბრუნე სკოლას.

მხოლოდ კონკრეტული პარაგრაფის შემოწმებას არ მოაქვს შედეგი, ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის ლიდერები და არა მხოლოდ დაზუთხული ტექსტების ამარა დარჩენილი ახალგაზრდები. საზოგადოება ყოველთვის ექცევა რაღაც გავლენების ქვეშ, თუნდაც, პატარა, უმნიშვნელო ნაპერწკალმა შეიძლება ცეცხლი დაანთოს.

ეროვნული ჯილდო მასწავლებლის პროფესიის ყველაზე დიდი ქომაგისთვის

თავიდან ეროვნული აპლიკაცია იმიტომ შევავსე, რომ ვიფიქრე, იქნებ მართლა ვაკეთებ რაღაცა ღირებულს-მეთქი. გამარჯვების მოლოდინი არ მქონია, ისიც არ ვიცოდი, ჯილდოს საუკეთესო ათეული და ხუთეული თუ ჰქონდა. მახსოვს, საქართველოში არ ვიყავი, როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ათეულში გახვედიო. ცოტა გამიკვირდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, როცა მგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი – ეროვნული ჯილდოც ასეთი დასაწყისი იყო მაშინ ჩემთვის.

ვარკის ფონდის ელჩის ოქროს მედალი ძალიან მსხვილი მონეტაა. სასიამოვნოა, რომ საქართველოში ჩამოვიტანეთ და ის არა მხოლოდ ჩემი, არამედ საზოგადოების საკუთრებად ვაქციე, მაგრამ ჩემს მედლებს შორის, ყველაზე ძვირფასი მაინც ქართული ეროვნული ჯილდოს მედალია, რადგან ეს ჩემი პირველი აღიარებაა.

საკუთარი თავისთვის არასოდეს მიბრძოლია. როცა დავბრუნდი ბევრმა მითხრა, მილიონი დოლარი როგორ არ მოიგეო. სამაგიეროდ, მილიონობით ადამიანის სიყვარული „მოვიგე“, რაც ჩემთვის მილიონს კი არა, მილიარდზე მეტს ნიშნავს, ემიგრანტებიც კი შემეხმიანენ, ისეთი ძლიერი ფონდები დამიკავშირდნენ, რომ შეიძლება ჩემი ქვეყნის მასწავლებლებისთვის მართლა ღირებული საქმე გავაკეთო.

ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვეუბნებოდი – იცი, შენ ძალიან მაგარი ფილოლოგი იქნები, შენ ტექნიკური აზროვნება გაქვს და ამიტომ კარგი მათემატიკის მასწავლებელი დადგები…. და დღეს მე უკვე მყავს 105 მოსწავლე, რომელმაც მასწავლებლის პროფესია აირჩია.

„ მივალ გურიაში მარა…“ 

მე იქ მეჩქარება, სადაც ბევრი სიყვარულია… ჩემს სკოლაში, ჩემს კოლეგებთან და მოსწავლეებთან. ხვალ ყველას გულში ჩავიკრავ. ოჰ, რა ბედნიერება იქნება მათთან შეხვედრა!

სანამ გული დაილია, ჩქარა უნდა ჩავიდეს ჩემი ტრანსპორტი და მოვეხვიო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის საკუთარ თავზე ძვირფასები არიან. იქ მეჩქარება, სადაც დიდი სიყვარულია… იჩქარეე, იჩქარეეეე ბედნიერებისთვის!

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი