კოვიდ 19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, უნდა გაიხნას თუ არა სკოლები? – რას ფიქრობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

1349

არის თუ არა განგაშის საფუძველი ბოლო დღეებში, ქვეყანაში, გამოვლენილი კოვიდ 19-ის შემთხვევები და ამ ვითარებაში უნდა გაიხსნას თუ არა სკოლები? – ამ კითხვებს პასუხობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

✔️🟣 „შემთხევათა აღმავლობა ნამდვილად არის და ფაქტია, რომ ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როცა დადასტურებულ წყაროსთან ვეღარ ხდება მიკუთვნება, ანუ ვეღარ ხდება ეპიდემიოლოგიური კონტროლი, რაც აქამდე, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გვქონდა – ყველა შემთხვევა, ასე თუ ისე, ეპიდკონტროლის ქვეშ იყო. ახლა უკვე, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან ისეთი შემთხვევები გვაქვს, რომელთა წყარო უცნობია. სავარაუდოდ, შემთხევათა მატების რაოდენობა გაგრძელდება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვამბობდით, რომ, მაღალი ალბათობით, შესაძლებელი იყო ამ მდორე მრუდის, რომელიც გვქონდა, შენარჩუნება, მაგრამ ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ეს ასე აღარ იქნება და მივიღებთ შემთხვევების აღმავლობას. თუმცა, მაინც არ მინდა, რომ სიტყვა „განგაში“ ვიხმაროთ. საგანგაშო არაფერი არ არის. გასაგებია, რომ ქვეყანაში არის აღმავლობა, შემთხვევების მატება, მაგრამ, ამის პარალელურად, გამოვლენამაც იმატა. როგორც ვიცით, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, კორონავირუსი სრულიად მსუბუქად და უსიმპტომოდ მიდის. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს ადამიანების ჯანმრთელობას. ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რომ, რაც შეიძლება ნაკლები იყოს გართულებები. თუმცა, განგაში და პანიკა ნამდვილად არ უნდა ავტეხოთ.

✔️🟣ფაქტობრივად, ეს გარდაუვალი იყო. ჩაკეტვა იმისთვის ხდება ხოლმე, რომ დროებით შეაკავო სიტუაცია. ვერც საქართველო დარჩებოდა გამონაკლისი, ჩვენ უცხო პლანეტაზე არ ვართ. სანამ მსოფლიოში მიმდინარე პანდემიაა, იმის ილუზია, რომ ჩვენ დავრჩებოდით ასეთ კუნძულად, რთული წარმოსადგენი იყო. ამიტომ, სანამ ჩაკეტვები მოქმედებს, შესაბამისად – კონტროლირებადია სიტუაცია და როგორც კი გახსნი, გასაგებია, რომ სიტუაციაც მოეშვება. სხვა ქვეყნებთან კონტაქტს როგორც კი განაახლებ, თუნდაც შიდა ტურიზმს, გასაგებია, რომ დაიწყება შემთხვევათა აღმავლობა. უბრალოდ, დროებითი შეკავების მიზანია, რომ გამოიყენო ეს დრო იმისთვის, რომ მეტად მომზადებული შეხვდე აღმავლობას ან დაელოდო ვაქცინას. ვაქცინამდე ჩაკეტვების რეჟიმში ყოფნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. როგორც კი ჩაკეტვებს მოვხსნიდით, მოსალოდნელი იყო, რომ აღმავლობა დაიწყებოდა და ასეც მოხდა.

✔️🟣 სკოლების გახსნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი/გარდამტეხი ფაქტორი ეპიდემიის აღმავლობაში. გარდამტეხი მაინც ალბათ აგვისტოს თვე იყო – საზღვრების ნაწილობრივი გახსნა და შიდა ტურიზმის გაფართოება. სკოლები არა მგონია, ასეთი გარდამტეხი აღმოჩნდეს. შეიძლება აღმავლობის რაღაც წილი ამ სეგმენტზეც მოდიოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ – თუ ახლა არ გავხსნით სკოლას, გაზაფხულზე ისევ იგივე თემა დადგება დღის წესრიგში და ასე იქნება მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციამდე, რომელიც კიდევ დიდხანს არ იქნება, შესაბამისად, სულ ჩაკეტილები ვერ ვიქნებით. როცა არ უნდა გავხსნათ სკოლები, ეს თემა ისევ გააქტიურდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში ბავშვებმა სკოლებში სიარული უნდა დაიწყონ. მინდა მშობლები კიდევ ერთხელ დავამშვიდო (ეს ყველამ იცის, მაგრამ მაინც) – თვითონ ბავშვებისთვის ეს ძალიან მცირე რისკს შეიცავს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ბავშვებმა ინფექცია არ მიუტანონ რისკის ჯგუფში მყოფ ოჯახის წევრებს – ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონეებს. რთულია ახლა ამ მოწოდების გათვალისწინება, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია, თავიდან, იქნებ რაღაცნაირად მაინც მოარიდონ ბავშვები ხანდაზმულებს, თუნდაც, მაგალითად, ბებიებმა და ბაბუებმა არ ატარონ ბავშვები სკოლაში, რომ სხვა ბავშვებთანაც არ ჰქონდეთ კონტაქტი. ბავშვების სკოლაში არ გაშვება შემდეგ კითხვას აჩენს: აბა, როდის უნდა დაიწყოს საკლასო ოთახში სწავლება, ოდესღაც ხომ დაიწყება და ეს პრობლემაც ისევ დადგება.

✔️🟣 მხოლოდ ვაქცინაა ის, რაც ამ პროცესებში გარდატეხას შეიტანს.“

მოამზადა ლალი ჯელაძემ 

დატოვეთ კომენტარი