კამპუსზე მხოლოდ ის სტუდენტები ცხოვრობენ, ვინც სახლში დაბრუნება ვერ შეძლო

1721

სესილი  ბერიძე, ამერიკის ბრენდაისის უნივერსიტეტის სტუდენტი

ჩემი უნივერსიტეტი დახურულია. კამპუსზე მხოლოდ ის უცხოელი სტუდენტები ცხოვრობენ, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება ვერ შეძლო. სამშობლოში დაბრუნებაზე პრობლემა არ შემქმნია. ახლა ბათუმში ვიმყოფები.

ვსწავლობ ამერიკაში, ბრენდაისის უნივერსიტეტში, რომელიც ბოსტონის შემოგარენში, ქალაქ ვოლთემში მდებარეობს. როგორც კი კორონავირუსზე გავრცელდა ინფორმაცია, უნივერსიტეტში ტრენინგების ჩატარება დაიწყეს, მასწავლებლებისთვის ონლაინ პლატფორმის გასაცნობად. მასწავლებლების დატრნენინგების შემდეგ, სტუდენტებს ელექტრონული ფოსტით გვაცნობეს, რომ სწავლება ონლაინ პლატფორმა zoom-ზე გადავიდოდა. ჩემი აზრით, დისტანციური სწავლება არაეფექტურია, რადგან ონლაინ გაკვეთილები, ძირითადად, არაორგანიზებული და, ჩვეულებრივ გაკვეთილებთან შედარებით, მოსაწყენია. ვფიქრობ, გაკვეთილები დასახვეწია, განსაკუთრებით ვიზუალური ასპექტით. ამიტომ, არაეფექტური მგონია მთლიანობაში გაკვეთილების ონლაინ ჩატარება, მით უმეტეს, როცა ეს ყველაფერი დიდ კლასთან ერთად ხდება და არა ინდივიდუალურად.

უნივერსიტეტმა სტუდენტებს მოგვცა, უფლება ჩათვლა/არჩათვლით ავიღოთ ნებისმიერი კურსი. მაგალითად, თუ არ გვაკმაყოფილებს საბოლოო ნიშანი და არ გვინდა ნიშნების ფურცელზე გამოჩნდეს, შეგვიძვლია მარტივად ჩათვლა/არჩათვლით გადავფაროთ და აღარ გამოჩნდება ტრანსკრიპტზე. უნივერსიტეტში ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ სტუდენტები, კორონავირუსის გამო, დიდ სტრესში ვართ და არ უნდათ, ნიშნებზე ვინერვიულოთ. სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი სამომავლო გეგმები გაურკვეველია, ჯერჯერობით, არ მაქვს ინფორმაცია, რას გეგმავენ უნივერსიტეტში.

დატოვეთ კომენტარი