იქნება თუ არა გათვალისწინებული სკოლის საჭიროებები რეკომენდაციების ფარგლებში

767

სასწავლო პროცესის 15 სექტემბერს ოფიცილურად შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განახლდება, თუმცა, განსხვავებული საჭიროებებიდან გამომდინარე, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად   დაგეგმოს სასწავლო პროცესი რეკომენდაციების ფარგლებში. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ეკატერინე დგებუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე:

„დღეს ჩვენ მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება და მოსწავლეები შეძლებენ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, განათლების სამინისტრომ აქტიურად ითანამშრომლა ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათი რეგულაციების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებისთვის.

მოგეხსენებათ, სკოლებს განსხვავებული საჭიროებები აქვთ. ეს არის მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და სხვ. სწორედ აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ გარკვეული რეკომენდაციები. პირველ რიგში, სანიტარია-ჰიგიენის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლისთვის, სწავლის დაწყებამდე, უზრუნველყოფს დეზინფექციისა და თერმოსკრინინგისთვის საჭირო საშუალებებით აღჭურვას. გარდა ამისა, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სკოლას ექნება შესაძლებლობა, თავად დაგეგმოს რეკომენდაციების ფარგლებში სასწავლო პროცესი. მას შეუძლია თავად განსაზღვროს სასწავლო პროცესის დაწყების დრო, გაკვეთილისა და შესვენებების ხანგრძლივობა და საჭიროების შემთხვევაში – სასწავლო ცვლები.

არის სკოლები, სადაც 1-დან 50 ბავშვამდე სწავლობს და არის სკოლები, სადაც 2000-ზე მეტი მოსწავლეა. ასევე, გვაქვს 1800-ზე მეტი ერთცვლიანი სკოლა და 200-ზე მეტი ორცვლიანი. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებში გათვალისწინებულია მათი საჭიროებები. სკოლებისთვის სავალდებულოდ არის განსაზღვრული, I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილი საკლასო ოთახში ჩატარდეს და, საჭიროების შემთხვევაში, დაიგეგმოს ცვლები სხვადასხვა მოდელის მიხედვით. ასევე, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება გამოყენებულ იქნეს შაბათი დღე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განიტვირთოს შენობები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ პირს, რომლებიც ამ რეკომენდაციების მომზადებაში იყვნენ ჩართული. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის დირექტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, UNICEF-თან.

ღასან ხალილი

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი:

„გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას, ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით და სწავლა განახლდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის უამრავი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე.“

 

დატოვეთ კომენტარი