ეს იქნება დასტური თქვენი დიდი სიყვარულისა სამშობლოს წინაშე

1167

ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 საჯარო და სოფელ სალიბაურის №2 სკოლა-პანსიონის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი.

#დარჩისახლში

თავდაპირველად ძალიან დაბნეული და აფორიაქებული ვიყავი, მოულოდნელად შევიცვალე ცხოვრების რეჟიმი და სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. მერე დავფიქრდი და მივხდი, რომ ამ თვითიზოლაციაშიც კი, შეიძლება გამონახოს ადამიანმა პოზიტივი. სწავლის პერიოდში თითქმის არ მრჩებოდა დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის. ამ მოკლე დროში ჩოხელისა და რემარკის ნაწარმოებები წავიკითხე, განსაკუთრებით საინტერესო იყო ჟურნალის „ჩემი სამყარო“ სტატიები.

გთავაზობთ ცნობილი ქართველი წმინდანის, თეოლოგისა და ისტორიკოსის გრიგოლ ფერაძის მოსაზრებას მოქალაქეობის არსზე, რომელიც ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, დაწერა. სიტყვები, რომელიც ძალიან აქტუალური და მნიშვნლოვანია დღესაც: „მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, მოითხოვს აზროვნებას, ფიქრს, წინდახედულებას, სხვისი აზრის გათვალისწინებას, ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას, მოქალაქეებისათვის მსხვერპლის გაღებას, საკუთარი თავის გაღებას სხვის გასანათლებად.“

ამ დღეებმა რა დამანახა? ჩვენი მოქალაქეების ნაკლები სამოქალაქო განათლება, პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენება, სხვათა შრომის არ დაფასება, მეტი ბოღმა განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების მიმართ, სოციალურ ქსელებში ნეგატიური პოსტების გავრცელება, არხეინად ყოფნა.

#დარჩისახლში – ეს თხოვნა, განა, ასე რთულად შესასრულებელია? ვფიქრობ, არა.

მშობლებო, თუ შვილებთან ერთად დაგეგმავთ დღეს, ითამაშებთ და ისწავლით, ითანამშროლებთ მასწავლებლებთან, ეს იძულებითი არდადეგები არც ისე მოსაწყენი გახდება თქვენთვის. ნუ იქნებით კრიტიკულები მასწავლებლების მიმართ, მათთვისაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ონლაინ სწავლება. გაითვალისწინეთ, ისინიც ამჟამად სწავლობენ ონლაინ სწავლების სტრატეგიას. ნურც იმით შეაფასებთ მასწავლებლებს, რამდენად ბევრ დავალებას მისცემენ თქვენს შვილებს.   ითანამშრომლეთ მათთან, ერთად დაგეგმეთ, როგორ გახადოთ ბავშვებისთვის სახლში ყოფნა სასიამოვნო და საინტერესო. მოაწყვეთ კითხვის საათი, ნაკლებად იკითხეთ სოციალურ ქსელში განთავსებული ამბები.

მასწავლებლებო, უმჯობესია თუ მცირე ზომის სახალისო დავალებებით შემოიფარგლებით. გამოიყენეთ დოკუმენტური ფილმებით, პროექტებით სწავლების სტრატეგია და ამ ეტაპზე არსებული მზა რესურსები. ვაფასებ თქვენს მონდომებას და მზაობას, თუმცა, რამდენიმეჯერ ონლაინ ჩართვით წინასწარ ქულებს ნუ დაიწერთ, თითქოს ყველაფერი კარგად გამოგდით, ჩვენ ხომ შედეგზე ვართ ორიენტირებულები. მართალია, ახლა მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ დაძლევადია. უბრალოდ, გაითვალსიწინეთ რამდენიმე რამ: ნუ მისცემთ მოსწავლეს ბევრ დავალებას; ეცადეთ, დავალება სახალისო იყოს და პროდუქტის შექმნაზე, პროექტების, პოსტერების, ინიციატივების დაგეგმვაზე ორიენტირებული. ამისთვის teams მართლაც საუკეთესო პლატფორმაა.

განათლების სამინისტრო – ვაფასებ mikrosoft teams-ის ონლაინ პლატფორმის შექმნას, ტელესკოლის პროექტს, რეკომენდაციებს, თუმცა, უფრო უკეთესი შედეგების მისაღებად, კარგი იქნება, კონკრეტული საგნობრივი მიმართულებებით გაწეული რეკომენდაციები და ონლაინ სწავლების მიმართულებით რაც შეიძლება მეტი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.

საზოგადოებას ქვეყანა ჩვენი დიდი ოჯახია. ოჯახს სიყვარული და ზრუნვა სჭირდება. #დარჩითსახლში -ეს იქნება დასტური თქვენი დიდი სიყვარულისა სამშობლოს წინაშე.

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

დატოვეთ კომენტარი