დისტანციური სწავლება სტუდენტების უსაფრთხოებისთვის – BTU სწავლებისას მძლავრ ტექნოლოგიებს აამოქმედებს

807

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის. ვებინარები, ონლაინ ქვიზები და ტესტირებები, და სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები – ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტი ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, სწავლების ინოვაციურ მიდგომას ნერგავს.

,,ჩვენთვის უმთავრესია სწავლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ჩვენი მისიის ერთგულება, რაც გულისხმობს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. BTU-ში სწავლის პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა. ამ პერიოდში უნივერსიტეტში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. თუმცა ჩვენი გუნდი მზადაა გარემოებებისთვის, რომელიც შესაძლოა დადგეს 16 მარტის შემდგომ. ვითვალისწინებთ, რომ სტუდენტებისთვის დისკომფორტის შემქმნელია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების რისკი, არამედ აკადემიური კალენდრის ზაფხულის ცხელ თვეებში გადანაცვლების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების დადგომისთანავე ავამოქმედოთ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

BTU-ში სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება. სტუდენტების უსაფრთხოებას უახლესი, მძლავრი ონლაინ სასწავლო პლატფორმებით ვუზრუნველყოფთ“ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

 

დატოვეთ კომენტარი