გადაწყვეტილებები კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ უნდა იყოს – გაგრძლდება თუ არა არდადეგები

1343

როგორც ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 16 მარტამდე გამოცხადდა, მაგრამ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა და კორონავირუსის შემთხვევების ზრდამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სწავლის გაგრძელების თარიღიც.  ოფიციალურად კი, ჯერჯერობით, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამაზე პასუხი, დღეისათვის, არც განათლების სამინისტროს აქვს.  როგორც უწყებაში განმარტავენ,  საქართველოს სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების საკითხი მიმდინარე კვირაში უნდა გადაწყდეს. სამინისტრო, სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, არც ალტერნატიულ გეგმაზე, მაგალითად, ონლაინ სწავლების შესაძლებლობებზე საუბრობს, თუმცა, რაღაც გამოსავლის პოვნა ქვეყანას ნამდვილად მოუწევს, რადგან შეუძლებელია სწავლის შეწყვეტა მანამ, ვიდრე არაპროგნოზირებადი COVID 19 აქტიური ფაზიდან მილევადში გადავა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლები ძალიან ადრე ჩაიკეტა. ამბობს, რომ მაშინ ამის საჭიროება არ იყო: „აქაც რაციონალურები უნდა ვიყოთ – სკოლები დაიკეტა და „ფასტ-ფუდებში“ რომ შეიხედო, იქ თინეიჯერებს ნახავთ, იქ უამრავი ბავშვი ტრიალებს, მაშინ სკოლების დაკეტვას რა აზრი ჰქონდა?

 ჩემი აზრით, სკოლების დაკეტვას აზრი მხოლოდ იმ დანიშნულებით ექნებოდა, თუკი ის საშინელი ინფრასტრუქტურა, რაც ბევრ სკოლაში გვაქვს ნანახი (ხელის დასაბანიც კი არ არის, საშრობზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ), მოწესრიგდებოდა.

 გამუდმებით ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხელები უნდა დაიბანონ, მაგრამ, როცა  გამახსენდება ის მდგომარეობა, რაც ზოგიერთ სკოლაში მაქვს ნანახი, მერიდება კიდეც ასეთი მოწოდებების კეთება. ზოგს ეღიმება კიდეც ამაზე – როგორ? ხელის დაბანა, მერე გაშრობა… ჰიგიენა ბევრი ნიუანსისგან შედგება.  

 კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: ცოტა კომიკურად ჟღერს ერთჯერადი დეზინფექციის აქციები, ეს არაფერს გვაძლევს. წარმოიდგინეთ, სკოლას ვუტარებთ ერთჯერად დეზინფექციას, სადაც ბავშვები ერთი-ორი კვირის განმავლობაში არ შევლენ – ვირუსი ისედაც არ გაძლებდა ამდენ ხანს. ამიტომ, ერთჯერადი აქციის სახით გაკეთებული დეზინფექცია არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, კარგია თუ დავალაგებთ და გავასუფთავებთ შენობებს, მაგრამ არა ერთჯერადად. კიდევ გავიმეორებ, ერთჯერადი დეზინფექცია არაფრის მომტანია.

 თუ დეზინფექციაზე ვსაუბრობთ, მაშინ მუდმივად უნდა ვაწარმოოთ, რუტინულად იმ დაწესებულებებში, სადაც ადამიანთა დიდია ნაკადია, რომ ამით, პოტენციურად, ზედაპირზე შერჩენული ინფექციის წვეთები  ჩამოვრეცხოთ.“

რაც შეეხება სკოლებში სწავლის დაწყებას, ინფექციონისტს სრულიად არალოგიკურად მიაჩნია 16 მარტიდან სწავლის დაწყება. „რეალურად, სკოლა მაშინ დავკეტეთ, როცა ქვეყანაში პირველივე შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ბევრად უფრო მსუბუქი იყო. აქედან გამომდინარე, ამის საჭიროება არ გვქონდ, თუ არ ჩავთვლით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თუმცა, ამ პერიოდს არდადეგებიც დაემთხვა და ეს დრო შეიძლებოდა ამისთვის გამოგვეყენებინა. ახლა, როცა მოველით შემთხვევათა რიცხვის აქტიურ აღმავლობას, სკოლების გახსნა არანაირ ლოგიკას აღარ ემორჩილება.

ასეთი გადაწყვეტილებები კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ უნდა იყოს – თუ სკოლებს ვკეტათ, მაშინ უფრო მასიური თავშეყრის ადგილებსაც უნდა მოვარიდოთ ბავშვები და სასურველია, ამ პერიოდში, უფრო მეტად, სახლში ვამყოფოთ და არა სპორტულ წრეებზე ან სწრაფი კვების ობიექტებში.“

***

პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამინისტრომ, პირველ ეტაპზე, უკვე სრული დეზინფექცია  ჩაუტარა 1800-ზე მეტ საჯარო და  150-ზე მეტ კერძო სკოლას. სადეზინფექციო სამუშაოები ისევ გრძელდება და ამის გარდა, იმ სკოლებს, სადაც წყალმომარაგების სისტემის პრობლემა არსებობს და ჰიგიენური ნორმების სრულყოფილი დაცვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სადეზინფექციო დისპენსერებსა და სადეზინფექციო საშუალებებს გადასცემს.

 5000 ცალი ხელის სადეზინფექციო დისპენსერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალებები, საქართველოს მასშტაბით, 1300-მდე სკოლას გადაეცემა.

 საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაო ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

 ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი