ახალი სტანდარტი სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მათ პროფესიულ ჩარჩოს

4247

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი 2011 წლიდან ინკლუზიური განათლების სპეციალისტების გუნდური მუშაობის საფუძველზე შეიქმნა. ამ სტანდარტით ხელმძღვანელობდნენ დღემდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის სპეციალისტები, ქმნიდნენ სატრენინგო მოდულებს, სილაბუსებს, გეგმავდნენ სასწავლო ღონისძიებებს, განსაზღვრავდნენ სასწავლო დაწესებულებებში სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობებს და ა.შ. თუმცა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა სტანდარტის განახლება მოითხოვა. შეიქმნა ახალი სტანდარტი, რომელსაც სახელმწიფო პროცედურების გავლის შემდეგ, პარლამენტი დაამტკიცებს.

სტანდარტის ერთ-ერთი ავტორი, ნათია ნიაური ამბობს, რომ ახალი სტანდარტის შექმნის აუცილებლობა ინკლუზიურ განათლებაში მიმდინარე პროცესებმა გააჩინა, რადგან: „უფრო ფართოდ დავინახეთ სპეციალური მასწავლებლის როლი და მნიშვნელობა სკოლის სივრცეში არა მხოლოდ სსსმ მოსწავლეებთან მიმართებაში, არამედ განსხვავებული შესაძლებლობების, მათ შორის დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლისთვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის აკადემიურ, კოგნიტურ, მოტორულ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, 2018 წლიდან, მიზნად დავისახეთ სტანდარტში შეგვეტანა გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაც უკეთ წარმოაჩენდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ ჩარჩოს. შესაცვლელი იყო, ასევე, ძველ სტანდარტში გამოყენებული ტერმინილოგია.“

რა სიახლე შემოაქვს სტანდარტს სპეციალური მასწავლებლის საქმიანობაში და რაზე კეთდება მთავარი აქცენტები, რაც უკეთ წარმოაჩენს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ ჩარჩოს?

განახლებული სტანდარტი, რომელიც, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, დამატებით მოიცავს ისეთ ქვეპუნქტებს, რომლებიც სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს, რამდენადაც დოკუმენტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ნათია ნიაური: „სტანდარტი განსაზღვრავს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. დოკუმენტი აერთიანებს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს და მოიცავს როგორც ზოგად კომპეტენციებს, ისე ცალკეულ უნარ-ჩვევა სპეციალური მიმართულების მასწავლებლებისთვის, ესენია: სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეთა სპეციალური მასწავლებელი, ინტელექტუალური განვითარების დარღვევის და დასწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეთა სპეციალური მასწავლებელი, მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებლი.

მაგალითად, ზოგად კომპეტენციაში დამატებულია ისეთი ქვეპუნქტები, რომელიც სპეცმასწავლებელს ავალდებულებს არა მხოლოდ სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლეებთან მუშაობას და ამ მიმართულებით საგნის მასწავლებლის პროფესიულ გაძლიერებას, არამედ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების შესაძლებლობების და საჭიროების დადგენას/იდენტიფიკაციას, რის საფუძველზეც მან უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას გააუმჯობესებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სპეციალური მასწავლებელი გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ მოსწავლე არ ჩამორჩეს თანატოლებს და შეძლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევა. აქედან გამომდინარე, თუ სკოლას არ ჰყავს სსსმ მოსწავლე, ეს ვერ იქნება სპეციალური მასწავლებლის შტატის გაუქმების საფუძველი.

 სპეციალური მასწავლებლის მოვალეობაში, ასევე, შედის მოსწავლესთან კოგნიტურ და წინარე აკადემიურ უნარებზე მუშაობა, რაც აკადემიური უნარების დაუფლების წინაპირობას ქმნის.

 საკუთარი პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციის დადგენის მიზნით, სპეციალურ მასწავლებელს პორტფოლიოს წარმოება მოუწევს (აღნიშნულ დოკუმენტის შემუშავება ამჟამად მიმდინარეობს).“

გარდა ამისა, სტანდარტს დაემატა შემდეგი კომპეტენციები (აქ მითითებულია რამდენიმე სიახლე):

* სპეციალური მასწავლებელი, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსწავლის მიერ დასწავლილი უნარების სხვადასხვა გარემოში გამოყენების გეგმას;

* სსსმ მოსწავლის სხვა სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებელში გადასვლის შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს ახალი სკოლის ან პროფესიული სასწავლებლის სპეციალურ მასწავლებელთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებებისა და სხვა საჭიროებების გაცნობის მიზნით;

* სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს რჩევებს განათლების სხვა სფეროების წარმომადგენლებს (სახელობო, პროფესიული და უმაღლესი განათლების), სსსმ მოსწავლის სკოლის შემდგომი განათლებისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით;

* სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს თანმიმდევრული საკლასო რუტინის/წესების შექმნასა და დაცვას ქცევითი და ემოციური რეგულაციის სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის.

ლალი ჯელაძე 

დატოვეთ კომენტარი