„ახალი სკოლის მოდელი“  მასშტაბურ ეტაპზე გადადის

4149

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენტაცია გამართა.

 

ახალ ეტაპზე, 2020-21 სასწავლო წლიდან, „ახალი სკოლის მოდელი“, საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლაში შევა და იმპლემენტაციის პროცესი 2024 წლისათვის დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. იგი დაიწყო 2019 წელს და მისი ძირითადი მიზანია საქართველოს სკოლებში მიმდინარე სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება და სასკოლო კლიმატის გაჯანსაღება, რაც გულისხმობს სასკოლო ცხოვრების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებას და ამ გზით სასწავლო პროცესის გამოცოცხლებას, საკლასო ოთახის გადაქცევას მოსწავლეთა შემოქმედებითი და შემეცნებითი ძალების განვითარების სარბიელად, სასკოლო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას, თანამშრომლობითი გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 საჯარო სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება ინტერვენციები შემდეგი მიმართულებებით:

⇒  სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე ორიენტირებული სასკოლო კურიკულუმების განვითარება;

⇒ ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება;

⇒  სკოლებში სასწავლო პროცესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება;

⇒ მხარდაჭერაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის ჩამოყალიბება.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც 2019 წელს დაიწყო და, საქართველოს მასშტაბით, 165 სკოლაში 2020 წლის შემოდგომამდე მიმდინარეობს, ექსპერტთა ჩართულობით გაანალიზდეს. მოსამზადებელი ეტაპი „ახალი სკოლის მოდელის“ ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწასა და მომავალი გაფართოებისთვის მზადებას გულისხმობს. ეს არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-21 ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, გაიზრდება პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც. მისივე ინფორმაციით, თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის V-IX კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვებიან.

 „იმისათვის, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა მთელი საქართველოს მასშტაბით ეფექტურად განხორციელდეს, დაგეგმილია პროცესის დეცენტრალიზება რესურსცენტრების ჩართულობით. კერძოდ, შეიქმნება ექსპერტების ჯგუფები რეგიონების მიხედვით. 14 საგნობრივი ექსპერტისაგან შემდგარი 23 სამუშაო ჯგუფი რესურსცენტრების ბაზაზე იმუშავებს და მასში, გარდა საგნობრივი ექსპერტებისა, ინკლუზიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტებიც შევლენ. ექსპერტები, რომელთა შერჩევა კონკურსის წესით, გასაუბრებისა და პრაქტიკული გამოცდის ეტაპების გავლის საფუძველზე, მოხდება, სკოლებში თანაშემწეებთან ერთად იმუშავებენ.“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლისა და რესურსცენტრების, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია ცოცხალი პროცესია, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ ფუნდამენტური ცოდნა უნდა მიიღოს, სასწავლო მასალა იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი, პიროვნებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რაც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

ეკა დგებუაძე ამბობს, რომ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიამ, რომელსაც სამინისტრო ავითარებს, სისტემური სახე უნდა მიიღოს. ახალი სკოლის მოდელის პილოტირების დაწყებამდე, არსებობდა ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული ერთი მიდგომა და მეთოდოლოგია, ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, შესაძლებელია, რომ, პირველ რიგში, „ვიცოდეთ თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი ინტერესები, საჭიროებები და ისე დავგეგმოთ თითოეული თემა, რომელსაც მასწავლებელი გაკვეთილზე შეიტანს, რომ ეს მასალა ყველა მოსწავლისთვის თანაბრად გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს. ამ მიმართულებით, ჩვენ დავიწყეთ საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განათლების ექსპერტებთან, ასევე, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, რომ დღეს არსებული ახალი სკოლის მოდელი, რომელმაც პილოტირება გაიარა, უფრო სისტემური გახდეს“.

განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე ამ პროცესს აფასებს, როგორც უმთავრესი დოკუმენტის, ეროვნული სასწავლო გეგმის, რომელიც ყველა სკოლისთვის ერთიანი სამართლებრივი დოკუმენტია და რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესი, დანერგვისა და განხორციელების მექანიზმების მრავალფეროვნების შექმნის მცდელობას.

„ახალი სკოლის მოდელი“ სკოლების შეფასებასაც გულისხმობს, სასკოლო კულტურისა და მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მიხედვით. შედეგად, განისაზღვრება სკოლების ინდივიდუალური პროფილები, რომლებშიც აისახება მათი ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეები. მსგავსი ტიპის შეფასებები სკოლას რეალური სურათის დანახვისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის საშუალებას აძლევს,“ – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც განათლებისსამინისტრომ გაავრცელა.

იმავე რელიზში ვკითხულობთ, რომ პრეზენტაციას განათლების სპეციალისტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

განათლების ექსპერტის, სიმონ ჯანაშიას აზრით, კარგია, რომ სამინისტრო ცდილობს შეხვდეს განათლებაში ჩართულ ადამიანებს. „დღეს სამინისტრო შეეცადა, რომ არა მხოლოდ ანგარიში წარუდგინოს მათ, არამედ შესთავაზოს თანამშრომლობა აქტუალური საკითხების განხილვისას“.

გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდნენ დაინტერესებულ პირთა ჩამონათვალში მედიის წარმომადგენლები და რატომ იყო პრეზენტაცია მედიისთვის დახურული. იმედია, სამინისტრო კიდევ არაერთ შეხვედრას გამართავს, რომელსაც მედიის წარმომადგენლებსაც დაასწრებენ და ახალ გეგმებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე გასცემს ამომწურავ პასუხებს

დატოვეთ კომენტარი