აქვს თუ არა დამამთავრებელი კურსის სტუდენტს კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირების უფლება? – მანანა რატიანის განმარტება

328

მასწავლებელთა რეგისტრაცია, კომპეტენციის დასადასტურებლად, 13 მაისს გამოცხადდა და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება. გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება, პრაქტიკოსი მასწავლებლების გარდა, აქვთ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს და მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება. Naec-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის“.

რეგისტრაციის გამოცხადებისთანავე დიდი ინტერესი გაჩნდა დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მხრიდან – მათ აინტერესებთ, აქვს თუ არა უფლება მეოთხე კურსის სტუდენტს, დარეგისტრირდეს გამოცდაზე. ამ კითხვით მივმართეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, მანანა რატიანს. მისი განმარტებით: „რადგან რეგისტრაცია გამარტივდა და, პარალელურად, რესურსცენტრებში დიპლომის მიტანის ვალდებულება არ აქვს მასწავლებლობის მსურველს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტს შეუძლია საგნის გამოცდაზე დარეგისტრირება. თუმცა, რადგან ჩანაწერი აზუსტებს, რომ „თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის“, ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ შედეგების გამოცხადებისთვის და ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობისთვის მათ დიპლომი მოეთხოვებათ. “

დატოვეთ კომენტარი