არ გაჩერდე, ახლა კეთების დროა!

1198

თემო სუყაშვილი, მარნეულის №2 და 5 საჯაროს სკოლის სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი

#დარჩისახლში!

21-ე საუკუნე, ზოგადად, გამოწვევების საუკუნეა და შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, გამოწვევა შესაძლებლობადაც კი ვაქციოთ. მოცემულ სიტუაციაში, მსოფლიო პანდემიის ფონზე, ჩვენ უნდა ვიყოთ სახლში აუცილებლად და დავიცვათ სოციალური დისტანცია.

დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ პირისპირ კონტაქტებს – ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გავჩერდეთ!!! პირიქით, ახლა კეთების დროა – ინტერნეტის საშუალებით ჩვენ ბევრი სასარგებლო რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. რა? ახლავე მოგახსენებთ:

ისწავლეთ რომელიმე უცხო ენა!  

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ინგლისური ენის ცოდნის დანაკლისია მოსწავლეებშიც და უფროს თაობაშიც, ამიტომ, ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ რომელიმე უცხო ენის შესასწავლად. მერწმუნეთ, ხვალ და ზეგ, პანდემიის დასრულების შემდეგ, ეს ძალიან გამოგადგებათ. ენის ცოდნა უამრავ შესაძლებლობას გააჩენს თქვენთვის – შეძლებთ სხვადასხვა პროექტებში ჩართვას, უცხოეთში სასწავლო პროგრამებით გამგზავრებას და ა.შ.

√ იყავით ორიენტირებული თვითგანვითარებაზე!

ამ დღეებში იმდენ ელექტრონულ რესურსთან მომიწია შეხება და დავიწყე ამ რესურსების შესწავლა, რაზეც ადრე საერთოდ არ ვფიქრობდი. ყოვლდღიური ცხოვრება შეიცვალა, შესაბამისად, მე უფრო მეტი დრო დამრჩა იმისთვის, რომ საკუთარი თავის განვითარებაზე მეფიქრა. ამიტომ თქვენც გირჩევთ, იფიქროთ თვითგანვითარებაზე – რასაც ამ პერიოდში ვისწავლით, რა უნარებსაც დავეუფლებით, კარგად გამოვიყენებთ როგორც საკუთარი, ისე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

√ უყურეთ საგანამანათლებლო/შემეცნებითი ხასიათის ფილმებს!

ვინაიდან მასწავლებელი ვარ, ყურადღებას მოსწავლეებზე გავამახვილებ და მათ მოვუწოდებ, უყურეთ, მაგალითად, ბიბისის (BBC) ფილმს – „პლანეტა დედამიწა“ ან დისქავერის (Discovery) დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. ასევე, უყურეთ სხვა ჟანრის ფილმებსაც და გაიმდიდრეთ თვალსაწიერი. ეს დისტანციური სწავლების ერთგვარი საშუალებაცაა.

√ ეს დრო გამოიყენეთ შემოქმედებითი წერისთვის!

ბუნებრივია, ყველა არ არის დაჯილდოებული წერის განსაკუთრებული ნიჭით, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვწეროთ – აუცილებლად აკეთეთ ჩანაწერები, თვითრეფლექსიები – რა შევიძინე ერთი დღის, ერთი კვირის განმავლობაში, თვითრეფლექისიით ძალიან ვიზრდებით. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, არ გაუშვათ შანსი ხელიდან. საკუთარ მაგალითზე გეტყვით, რომ მე ეს ყველაფერი შედარებით გვიან გავაცნობიერე – უკვე 30 წლის ვარ, ვფიქრობ, ცოტა დავაგვიანე. თქვენ კი, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, წინ უამრავი შესაძლებლობა გაქვთ და ეცადეთ, არც ერთი არ გაუშვათ ხელიდან! ყოველდღიურ რეჟიმში აკეთეთ ჩანაწერები რვეულში, ელექტრონულ მოწყობილობებში, თქვენთვის სადაც უფრო იოლია, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ განვითარებაში.

სახლში დარჩენა გამოვიყენოთ საკუთარი თავის განვითარებისთვის, თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებლად ვიზრუნოთ და ვიფიქროთ სხვებზეც. თუ ვინმეს სჭირდებით, დაეხმარეთ! ბუნებრივია, დისტანციურად. ახლა მხოლოდ ერთმანეთის დახმარება და ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს! ვზღუდავთ გარეთ გასვლას და კონტაქტებს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვზრუნავთ ერთმანეთზე.

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა – მსოფლიო მოწოდებაა, რომ სოციალური კონტაქტების შეზღუდვა მაქსიმალურად უწყობს ხელს ვირუსის სწრაფ და მასშტაბურ გავრცელებას.

⇒ თავი შეიკავეთ გამოხატვის აგრესიული ფორმებისგან!!!

პროფესიით არ ვარ მასწავლებელი, 2013 წელს მივიღე მონაწილეობა განათლების სამინისტროს პროექტში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ და, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ერთი წლით დარჩენას ვფიქრობდი ამ პროექტში. თუმცა, იმ ერთმა 2013-2014-მა სასწავლო წელმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. თამამად შემიძლია გითხრათ (თავმდაბლობის გარეშე), პროფესიაში რომ წარმატებული ვარ და უამრავ მოსწავლეს ვუყვარვარ, ამაში ლომის წილი მიუძღვის მარნეულის მუნიციპალიტეტს, მთლიანად ქვემო ქართლს. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ იქ მხოლოდ აზერბაიჯანელები არ ცხოვრობენ, მათთან ერთად უამრავი ქართველიც ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, დღეს სოციალურ ქსელში აგორებული დისკრიმინაციული კამპანია ყველას თანაბრად გვეხება.

დიახ, ეს ჩვენ გვეხება, ყველას, ვინც ერთად ვცდილობთ რეგიონის განვითარებას, ვზრუნავთ, სახელმწიფოებრივი აზროვნება გავზარდოთ ახალგაზრდებში. დისკრიმინაციული ხასიათის პოსტებს რომ აქვეყნებთ, ის მარტო ჩვენს თვალთახედვის არეში კი არა, გულშიც გვხვდება. მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ გამოხატვის ასეთი აგრესიული ფორმებისგან!!! ვფიქრობ, ახლა ყველაზე მეტად უნდა ვიყოთ კონსოლიდირებულები, გაერთიანებულები, რომ ეს დიდი გამოწვევა დავამარცხოთ. ასე რთულია ტოლერანტობა? ვირუსმა არც ეროვნება იცის, არც რელიგიური კონფესია და არც იმ ნიშნით არჩევს ადამიანებს სახელმწიფო ენა იცის თუ არა.

თუმცა, მაინც მინდა გითხრათ, რომ ახალი თაობა, რომელსაც ჩვენ სკოლებში ვზრდით, ენობრივი ბარიერის პრობლემას მთლიანად მოხსნის, წლების შემდეგ, ჩვენი მოსწავლეების შვილებიც ისევე ისაუბრებენ ქართულად, როგორც ახლა ისინი საუბრობენ. მაგრამ ახლა, გამუდმებულად, ამ მოსახლეობის ან სახელმწიფოს დადანაშაულება იმაში, რომ უფროსმა თაობამ არ იცის ქართული ენა, ეს არასწორია – ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს საბჭოთა ეპოქის თობაა, იმ ეპოქის, სადაც რუსული ენა ყველაზე მეტად ფასობდა!

ნურც იმაში დაადანაშაულებთ ამ ადამიანებს, რომ ვირუსთან დაკავშირებულ წესებს არ იცავენ, წესს არავინ გადაუხვევს, თუ სათანადოდ ავუხსნით, გასაგებ ენაზე მივაწოდებთ ინფორმაციას. საინფორმაციო ველის პრობლემა რომ არსებობს, ამას ყველა ვხედავთ. თუმცა, ამისთვის არაფერს ვაკეთებთ. რადგან დისკრიმინაცია საზოგადოებრივი წიაღიდან წარმოიშვა, ამიტომ საზოგადოებას მივმართავ, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ მათი ინფორმირების თვალსაზრისით, ჩვენ უნდა გავაფართოვოთ საინფორმაციო ველი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ნაცვლად მათი დადანაშაულებისა!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი

 

დატოვეთ კომენტარი