არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება

704

13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას, „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა. პროგრამა, რომელიც წარმატებით გადაიცემოდა და გადაიცემა ჰონკონგში, მონტენეგროში, სერბეთში, თურქეთსა და ა.შ. ქვეყნებში, ქართველ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტურად გამოყენებასა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

სერიალის ფორმატის გაკვეთილები სახალისოდ მოთხრობილი ეპიზოდებისგან შედგება და, თანამედროვე ბრიტანულით, მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებასა და გრამატიკის უკეთ ათვისებაში ეხმარება.

ვიდეოგაკვეთილების   უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თითოეულ გაკვეთილს ახლავს დამატებითი ონლაინ სავარჯიშოები, პასუხებით და თითოეული ვიდეოს სცენარით (აღნიშნულის ნახვა შესაძლებელია ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ რესურსების გვერდზე, შესაბამის განყოფილებაში http://learnenglish.britishcouncil.org/en/word-street )

აღნიშნული სერიებისთვის ექსპერტი რობ ლუისი ამზადებს ვიდეომიმართვებს, სადაც დამატებით განმარტებებსა და მითითებებს აძლევს პროგრამის მაყურებლებსა და მოსწავლეებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი თანამშრომლობის მიზანია, ახალ რეალობას ახალი შესაძლებლობებითა და წარმატებული თანამშრომლობით უპასუხონ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიანი და მრავალმხრივი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც უამრავი საინტერესო რესურსი მიეწოდა მასწავლებლებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის – ყოველკვირეული ვებინარები, უფასო პუბლიკაციები და ონლაინ ტრენინგების ფართო არჩევანი ხელმისაწვდომი გახდა ყველა იმ პედაგოგისთვის, ვინც ინგლისურ ენას ასწავლის და ვისაც ახალ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარება და სასწავლო პროცესის ონლაინ გარემოში უმტკივნეულოდ და წარმატებით გადატანა სურს.

დატოვეთ კომენტარი