ანდრეას შლაიხერმა საქართველო და ფინეთი, დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, ლიდერ ქვეყნებად დაასახელა

478

კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტი გაიმართა, მონაწილეთა შორის იყვნენ: გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტი ლიდერი. სამიტში მონაწილეობდა, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მიხეილ ჩხენკელმა პანელურ სესიაზე, ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებთან ერთად, განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო: „ჩემთვის დიდი პატივია ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მონაწილეობა. მსურს მადლობა გადავუხადო Microsoft-ის წარმომადგენლებს ამ მეტად საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის. პერსონალური მადლობა კი ენტონი სალსიტოს, რომელთანაც მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად საინტერესო პროექტები განვახორციელეთ. Microsoft-ის პროდუქტები არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით შევძელით პანდემიით გამოწვეული გამოწვევების დაძლევა.

შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი გუნდის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი ახლაგაზრდები იყვნენ * კრიზისის მიუხედავად, მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობები უნდა შეგვექმნა“.

სამიტის მოდერატორმა, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ანდრეას შლაიხერმა მიხელ ჩხენკელის გამოსვლის შემდეგ, ისაუბრა საქართველოს წარმატებულ მაგალითზე და COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

დისტანციური სწავლების ხელშესაწყობის მიზნით, საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა, ასევე, კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ: „ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა. სწორედ ეს ნაბიჯები დაეხმარა მოსწავლეებს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებაში.

OECD-მა  საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვსურდა, შესაძლებლობა მიგვეცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ.

ჩვენ ვამაყობთ, რომ მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტს შემოუერთდა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს თავისი გამოცდილება გაუზიარა“.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ, (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის, საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

დატოვეთ კომენტარი